,,TEMPUS MUMEENA“ წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტემპუსის სამწლიანი პროექტს "დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში".
კონფერენციაში მონაწილეობს პროექტის განმახორციელებელი ყველა პარტნიორი ქვეყანა: ლიდსის (დიდი ბრიტანეთი), უტრეხტის (ნიდერლანდები), გრანადის (ესპანეთი), რომის საკრეკორის (იტალია), კიევის და ივანო-ფრანკოვსკის (უკრაინა), ბაქოს და ნახიჩევანის (აზერბაიჯანი), თბილისის სამედიცინო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები.
კონფერენციას უძღვება პროექტის კოორდინატორი – ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტი, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ტრუდი რობერტსი. კონფერენციაში, გარდა ქართველი პროფესორებისა, პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მონაწილეობას იღებს დარგის 23 უცხოელი წარმომადგენელი.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ინტეგრირებული კურიკულუმის შემუშავება ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის, სამედიცინო განათლების მარეგულირებელი თემატური ასოციაციის MEDINE და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად.
პროექტის ფარგლებში ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში სამედიცინო განათლების სპეციალური ტრენინგები განხორციელდა - სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიაში; სამედიცინო განათლების აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისოდ აღიარებული ექსპრტების მონაწილეობით, ყოველწლიური კონფერენციები ჩატარდა; მომზადდა მეთოდური რეკომენდაციები.
პროექტის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური განვითარების ცენტრი ჩამოყალიბდა, სადაც 2011 წლიდან სისტემატურად ხორციელდება აკადემიური პერსონალის გადამზადება.
პროექტის მიმდინარეობა პოზიტიურად შეაფასა ევროკომისის წარმომადგენელმა ბატონმა კლაუს ჰაუპტმა ოფიციალურ წერილში, რომელიც მან 2013 წლის მაისში გაუგზავნა პროექტის კოორდინატორს, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორ ტრუდი რობერტს. წერილში აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი წვლილი პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში, სახელდობრ, აკადემიური განვითარების ცენტრის შექმნა, რომელიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და პროექტის კოორდინატორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
პროექტის განხორციელებამ და სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვამ მკვეთრად გაზარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეიტინგი. ის მონაწილეობს ევროპაში სამედიცინო განათლების ძირითადი მარეგულირებელი ორგანიზაციების - ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) და MEDINE სამუშაო ჯგუფებში, სადაც მიმდინარეობს სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავება და ნორმატიული დოკუმენტების შექმნა; საყურადღებოა, რომ MEDINE-ს სამუშაო ჯგუფებში არაევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ანკარის უნივერსიტეტი შედის.