მინისტრის განმარტებით, 2013 წლამდე ბაზაში სტუდენტების აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოუგვარებელი. მეორე წელია ბაზაში ყველა ინფორმაცია აისახება, რამაც შესაძლებელი გახადა გაკეთდეს გარკვეული ანალიზი და შეიქმნას არსებული მდგომარეობის რეალური სურათი.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი მრავალია. ფინანსური დავალიანების გამო დღეის მდგომარეობით, სტატუსი 11 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. მათ შორის არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტი აქვთ მოპოვებული და მიზეზად მაინც, ფინანსური დავალიანება აქვთ მითითებული, არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტის ვადა (4 წელი) ამოეწურათ, ვერ დააგროვეს სათანადო კრედიტები და დამატებითი სემესტრის აღება უწევთ. ასევე 11 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტში დიდი წილი გვხვდება 10, 20, 30 და 100 ლარის დავალიანების მქონე სტუდენტები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში შეგნებულად იჩერებენ სტუდენტის სტატუსს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014-2015 სასწავლო წელს სტატუსი შეიჩერა მხოლოდ 137 სტუდენტმა.
სწავლის ხელშეწყობისთვის მიზნით, სტუდენტებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძება გაატარა, რასაც მოწმობს სტატუსი აღდგენების სტატისტიკა: 2011 წელს სტატუსი აღიდგინა 242 სტუდენტმა, 2012-ში – 3543-მა, 2013 წელს - 10 329 და 2014 წელს სტატუსი უკვე აღდგენილი აქვს 10 000-მდე სტუდენტს, მაშინ როცა სასწავლო წელი ახლა დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს სტუდენტების მხრიდან სტატუსის აღდგენის პროცესი.
დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 55% სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. აქედან, სრულ 100% დაფინანსებას 21500-მდე სტუდენტი იღებს. 2012 წელს სახლელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა მხოლოდ 11500 სტუდენტს შეადგენდა. რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტების თითქმის 2-ჯერ მეტ რაოდენობას.
გათვალისწინებელი იყო სტუდენტების სოციალური მდგომარეობა და 2013 წლიდან გაიზარდა სოციალური პროგრამის ბიუჯეტი და შედეგად ფინანსდება ორჯერ მეტი სტუდენტი. ამასთან, 2013 წლიდან არა მხოლოდ პირველ, არამედ მეორე და მესამე კურსის სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც ეძლევათ საშუალება მიიღონ დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში. ასევე, 2013 წლიდან პირველად ამოქმედდა სოციალური პროგრამა მაგისტრანტებისთვის.
2013 წლიდან გაიზარდა სახელმწიფო სტიპენდიების ბიუჯეტი. გაორმაგდა სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა. 2012 წელს სტიპენდიები მიიღო 1230 სტუდენტმა, ხოლო 2013 წელს - 2717 სტუდენტმა. 2013-2014 სასწავლო წელს პირველად, ამოქმედდა პროგრამა დოქტორანტებისთვის. გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სასწავლო-კვლევითი გრანტი მოიპოვა 135 დოქტორანტმა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის პროგრამის განხორციელებისთვის გათვალისწინებულია 2 100 000 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, იძლევა იმის განცხადების შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო კრიტიკული შენიშვნები და განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას.