ქართული ენის უცხოელი შემსწავლელებისთვის და ქართველი ემიგრანტებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სპციალური ვებგვერდი შექმნა. ახალი ვებგვერდის (geofl.ge) პრეზენტაცია საზოგადოებას მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ქართული ენის სამმართველოს უფროსმა მარიკა ოძელმა წარმოადგინეს.
ვებგვერდის ბმული (geofl.ge), უკვე განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს საელჩოების ოფიციალურ გვერდებზე და ქართული ენის სწავლა/სწავლების მსურველები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან (გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, შვეიცარია, არგენტინა, ბელგია, შვედეთი, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, უკრაინა, ინგლისი, ირანი, ავსტრალია, ჩილე, ჩინეთი, თურქეთი და ა.შ.) მას აქტიურად იყენებენ.
უცხოელი შემსწავლელებისათვის ვებგვერდზე ახალი, ევროპული მეთოდოლოგიით შესრულებული სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალებია განთავსებული. ქართული ენის სწავლა-სწავლების აღნიშნული მეთოდოლოგია შემუშავდა უცხო ენის სწავლების ევროპაში აღიარებული თანამედროვე სისტემის მიხედვით. მსგავსი მეთოდოლოგიით, ქართულის, როგორც უცხო ენის შესწავლა, ამ დრომდე არ ხდებოდა.
როგორც ქართული ენის უცხოელ შემსწავლელებს, ასევე ქართველ ემიგრანტების ახალ თაობას ვებგვერდი დაეხმარება თანამედროვე საერთო ევროპული მოდელის მიხედვით შეისწავლონ ქართული ენა. ვებგვერდი განკუთვნილია ასევე ქართული ენის შემსწავლელებისა და მასწავლებლებისათვის.
ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტიზაციის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველო ინტენსიურად ჩაერთო საერთაშორისო პროცესებში და შესაბამისად, შეიქმნა ქართული ენის განხილვის საჭიროება ორი კონტექსტით: ქართული – საქართველოს სახელმწიფო ენა, ანუ შიდა მიმოქცევის ენა და ქართული – მსოფლიო მიმოქცევაში მყოფი ერთ-ერთი ენა. ამდენად, ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტის შექმნას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის ნამდვილად დიდი სახელმწიფოებრივი მოვლენაა. ამიერიდან ქართული ენა საერთაშორისო მიმოქცევის ენა გახდა.