ესტონელ საერთაშორისო ექსპერტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა უმასპინძლა. დაწყებითი საფეხურის V-VI კლასების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის ფარგლებში, დეპარტამენტის ყველა საგნობრივ ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები წარიმართა ორი მიმართულებით: 1. არსებული საგნობრივი სტანდარტების განხილვა; 2. საკლასო შეფასებები საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ვიზიტის ფარგლებში, ესტონელი ექსპერტები გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტონეთის სასწავლო გეგმის სპეციფიკა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პრინციპებზე, რაც ორივე ქვეყნის სასწავლო გეგმას ახასიათებს. გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის ექსპერტებმა პედაგოგებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები წარუდგინეს.
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი ამ ეტაპზე დაწყებით საფეხურს მოიცავს. თანამშრომლობა გაგრძელდება საბაზო და საშუალო საფეხურების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ჩარჩოს შემუშავების და ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ინტერაქტიული პორტალის განვითარების პროცესშიც.