საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა შეიმუშავა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა არსებული სისტემის სრული კვლევა და შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც გამოყენებული იქნა სექტორის შემდგომი განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის. ანალიტიკური დოკუმენტი მოიცავს განათლებისა და მეცნიერების ყველა დონეს - სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს განათლებასა და მეცნიერების განვითარებას. ასევე, გათვალისწინებულია ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება და უწყვეტი განათლების პრინციპი. ყოველივე ეს შეესაბამება როგორც ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს, ასევე, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს.
ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს კონფერენციაზე წარუდგინა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც განათლების მიმართულებით მუშაობენ და ჩართულები არიან კვლევით საქმიანობაში.
ხანგრძლივი კვლევების შედეგად შექმნილი დოკუმენტი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასთანაა შეჯერებული. მასში გაწერილია განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და გასატარებელი საკვანძო ცვლილებები. იგი წარმოადგენს ძირითადი მიმართულებების გამაერთიანებელ დოკუმენტს, რომლის სამოქმედო გეგმად გარდაქმნაზე თემატური ჯგუფები უწყვეტად იმუშავებენ. საქართველოს ხელისუფლება კი აღნიშნულს მომავალი წლების ბიუჯეტის დაგეგმარებისას გაითვალისწინებს.
“განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“-ით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს - დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების ხელშეწყობას ემყარება,” განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ. „ამ მიმართულებით შესაბამისი კადრების მომზადება და განათლების სისტემაში კვლევითი პოტენციალის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, რაშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.“
“ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები უნიკალურია რეგიონისთვის, ამ რეფორმებმა აღნიშნული სექტორის გამჭირვალეობის და ეფექტიანობის გაუმჯობესება უზრუნველყო. ამის მიუხედავად, მსოფლიო ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში განათლების ყველა დონეზე მთავარ გამოწვევად ხარისხის გაუმჯობესება რჩება. კერძოდ, მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება ისეთ ძირითად სფეროებში, როგორებიცაა წიგნიერება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ. „საქართველოს კონკურენტიანობა გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის მიერ მაღალკვალიფიცირებული ადამიანური რესურსების მომზადების უნარზე, რაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის გზით. ამ სფეროში წინსვლა გრძელვადიან და სტაბილურ ძალისხმევას მოითხოვს, რაზეც იმ ქვეყნების გამოცდილებაც მეტყველებს, რომლებსაც ამჟამად წარმატებული საგანმანათლებლო სისტემები გააჩნიათ. საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაიზიაროს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც შთამბეჭდავი წინსვლა აჩვენეს.“
პრეზენტაციის შემდეგ, კონკრეტული თემების საჯარო განხილვები გაიმართება. შემდეგ კი, დოკუმენტს, სამოქმედო გეგმის სახით, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.