ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრების წარმომადგენლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მომზადებული სერტიფიცირებული ტრენერები და ელექტრონული სწავლების სპეციალისტები. მონაწილეებმა საკუთარი პროგრამები და მათ ორგანიზაციებში ელექტრონული სწავლების განვითარების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს, ისაუბრეს პრობლემებზე და მონაწილეობა მიიღეს ძირითადი თემის გარშემო წარმართულ დისკუსიებში.
საქართველოსთან ელექტრონული სწავლების სფეროში ექვსწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, გერმანულმა ორგანიზაციამ (GIZ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სწავლების ამ მიმართულების განვითარებაში. მათ მიერ შემოთავაზებული ზოგადი პრაქტიკული კურსი საქართველოს ყველა დიდი უნივერსიტეტის, ცალკეული სამინისტროების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმაგაიარეს. შეიქმნა რამდენიმე ათეული საპილოტე პროგრამა.
დღეს, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპირებს კიდევ უფრო გააფართოვოს ახალი მედიის გამოყენებით სწავლების არეალი და მოიცვას განათლების საშუალო საფეხური, შედეგიანი იქნება იმ ადამიანური რესურსების გამოყენება, რომლებიც გადაამზადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ). მათ აქვთ როგორც სპეციალისტთა მომზადების, ისე ახალი მედიით გამდიდრებული კონტენტის შექმნის მნიშვნელოვანი გამოცდილება.
ახალი გამოწვევების წინაშე მდგარ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით სჭირდება მასწავლებელთა კომპეტენციების ამაღლება და ყველა არსებული რესურსის მობილიზება, რომ ღირსეულად შეხვდეს დროის ყველა მოთხოვნას.