საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სინას მთაზე წარმოებული სამეცნიერო ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ასევე მოეწყო ფოტოებისა და სინას მთასთან დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენა, რომელსაც მოწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.
2002 წლის შემდეგ, სათანადო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვერ ახორციელებდა სინას მთაზე ექსპედიციებს და იქ დაცული კოლექციის კვლევას. მხოლოდ 2014 წლის დეკემბერში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ცენტრის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ ემუშავათ სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერთა უნიკალურ კოლექციაზე.
სინას მთაზე ქართველები ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში გამოჩნდნენ, მე-9 საუკუნეში კი ქართული კოლონია ჩამოაყალიბეს და ქართველთა უმნიშვნელოვანეს სამოღვაწეო ადგილად აქციეს.
სინას მონასტერში ქართველ მამებს უმდიდრესი და მრავალფეროვანი საკუთარი წიგნთსაცავი ჰქონდათ, რომელიც მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით კი არ მდიდრდებოდა, არამედ, მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან – იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან, გეთსიმანიიდან, გოლგოთიდან, პალავრიდან, საბაწმიდიდან და სხვა ცენტრებიდან. სინას მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც სინაზეა დაცული, თუმცა გარკვეული ნაწილი დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით მოხვდა პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში - მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში (სინური კოლექციის მე-10 საუკუნის ჭილ-ეტრატის იადგარი ამჟამად ჩვენთან, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული).
სინას მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისტორიკოს-თეოლოგებიც, რომელთა საქმიანობაც სათანადოდ შესწავლილი არ არის. იგივე ითქმის სინას მთის ქართულ ხელნაწერებზეც, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა დროს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერებიც იკვლევდნენ.
დიდი ხნის წყვეტის შემდეგ განხორციელებული პირველი ექსპედიციით სინას მთის ქართულ ხელნაწერთა კვლევისა და პოპულარიზების ახალი ეტაპი დაიწყო, რაც გულისხმობს კომპლექსური სამუშაოების ჩატარებას. გასულ წელს მოძიებული და მომავალი ექსპედიციების შედეგად მოპოვებული მასალებით ერთიანი, თანამედროვე სტანდარტების ქართულ და ინგლისურენოვანი კატალოგები გამოიცემა, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, განხორციელდება სხვადასხვა სახის კვლევითი, საგამომცემლო, საგამოფენო პროექტები, მოხდება ხელნაწერთა დიგიტალიზაცია და რესტავრაცია-კონსერვაცია.
სინას მთის ქართულ ხელნაწერთა მონაცემების აქტიურ სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა აქტუალური და მნიშვნელოვანია როგორც მულტიდისციპლინური კვლევებისათვის, ისე ცალკეული ჰუმანიტარული დარგებისათვის: ფილოლოგიისათვის, ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევეებისათვის, ისტორიული და წყაროთმცოდნეობითი ძიებებისათვის და სხვ.