აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განვითარებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 9 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ეს თანხა მოხმარდება ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში გააგრძელებს.
სასწავლებელს ექნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიები, ყველა ლაბორატორიასა და აუდიტორიაში ე.წ. „ინტელექუალური დაფები“ (smart board) მოეწყობა, აუდიტორიები „ხმის მიცემის სისტემით“ (SMART Response Clicker) აღიჭურვება. აღნიშნული ტექნოლოგია ინოვაციურია და იძლევა როგორც ლექციის მიმდინარეობის პროცესში აუდიტორიის მაქსიმალურად ჩართვისა და სტუდენტების მიერ ლექტორის შეფასების საშუალებასაც. მსგავსი ტექნოლოგიები საქართველოში, არა თუ ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, არამედ, რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზეც კი, ჯერ არ არსებობს.
სასწავლო კორპუსს ასევე ექნება სივრცე სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად და იგი ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არამედ, ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც.
ამჟამად, მიმდინარეობს შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და გათვალისწინებულია ყველა მოთხოვნა, რომელიც თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი გაეცნენ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სტუდენტთა პირველი მიღება 2014-2015 წლისთვის განხორციელდა. ბაკალავრიატში პირველკურსელთა რაოდენობამ 650-ს მიაღწია. ამოქმედდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც.
ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. მათგან 7 პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.
რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებზე უკვე მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შექმნის შემდეგ კი, მოხდა მათი თემატური გაერთიანება ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, დაიხვეწა და თანამედროვე სტანდარტებს მოერგო სასწავლო პროგრამები.
მეცხოველეობის, აგრონომიისა და წყლის რესურსების ინჟინერიის პროგრამები ხორციელდება აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია აიოვას უნივერსიტეტში არსებული პროგრამების დანერგვა და 2+2 სასწავლო გეგმის განხორციელება, რაც საშუალება მოგვცეს ორმაგი დიპლომის გაცემისათვის. ხელშეკრულების ფარგლებში ითარგმნა ის პროგრამები და სახელმძღვანელოები, რომლებითაც ხორციელდება სწავლება აიოვას უნივერსიტეტში და პირველკურსელი სტუდენტები უკვე აიოვას დისციპლინებით გადიან სწავლებას.
მიმდინარეობს დანარჩენი პროგრამების დახვეწა და ახალი პროგრამების შემუშავება. სწავლების სამაგისტრო პროგრამებზე აქტიურად დაწყებულია სასწავლო პროგრამებზე მუშაობა დასავლეთ ევროპის (ესპანეთი, იტალია, სლოვაკეთი, პოლონეთი) წამყვან უნივერსიტეტებთან კოორდინაციაში, საერთო ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავებაზე და ორმაგი დიპლომების დანერგვაზე. სწავლების სადოქტორო პროგრამებზე შემუშავების პროცესშია დამატებით 2 პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.
მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურასთან რათა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წაჩინებულ კურსდამთავრებულებს გარანტირებულად შესთავაზონ სამუშაო ადგილები სპეციალობების მიხედვით.
2014 წელს დაიწყო და 2015 წელსაც დაგეგმილია აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საჭიროებისათვის, საკმაოდ დიდი რაოდენობით, თანამედრევე ლიტერატურის შეძენა/თარგმნა.
სტუდენტთა მოტივაციის ასამაღლებლად, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ და უცხოელ უმაღლესი დონის პროფესორთან, პოპულარული ლექციების წაკითხვის თაობაზე.
აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განთავსების ადგილად კვების მრეწველობის ინსტიტუტის შენობა შეირჩა. აღნიშნული ინსტიტუტი არსებობას ფაკულტეტთან ინტეგრირებულად გააგრძელებს, რაც ინსტიტუტში არსებული ცოდნისა და გამოცდილების საუკეთესო სინთეზის საშუალებას იძლევა. ფაკულტეტზე ასევე ინტეგრირდება ბიოტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის მიზანი აგრარული მეცნიერებების, მეცხოველეობისა და კვების ტექნოლოგიის დისციპლინების სამეცნიერო-პრაქტიკული პოტენციალის გაძლიერება იქნება.