აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ტექნიკური უნივერსიტეტში 2013 წელს გაიხსნა. 2014 წელს ფაკულტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. ამჟამად 600-მდე სტუდენტს საშუალება ეძლევა ისწავლოს 8 სხვადასხვა მიმართულებით: აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და ტყის რესურსების ინჟინერია, აგრონომია და აგრობიზნესის მენეჯმენტი. პროგრამების ნაწილი ხორციელდება აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია აიოვას უნივერსიტეტში არსებული პროგრამების დანერგვა და 2+2 სასწავლო გეგმის განხორციელება, რის საფუძველზეც ორმაგი დიპლომები გაიცემა.
ოთარ დანელიამ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, სამინისტროს პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ახალი სტრატეგიის ფარგლებში, არაერთ პროგრამას განახორციელებს, რომელშიც სტუდენტების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. ოთარ დანელიას განცხადებით, განათლებული ახალგაზრდები და პროფესიონალი კადრები არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საფუძვლიანად აშენდება სოფლის მეურნეობის დარგი.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს არაერთი პროექტი, რათა ახალგაზრდებისთვის სოფლის მეურნეობის დარგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. გავატარებთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც სტიმულს მისცემს სტუდენტებს. სამინისტრო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს სტუდენტებთან და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდაში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისასალმებელია ტექნიკური უნივერსიტეტში აღნიშნული ფაკულტეტის ამოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ულტრათანამედროვე გარემოში ისწავლიან. ივლისის თვეში უახლესი ლაბორატორიით აღჭურვილი ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნება.
,,ძალიან საინტერესო ინიციატივა წარუდგინა სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუდენტებს. მათი აქტიური ჩართულობა აგრარულ მიმართულებებში, ასევე ის სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტუდენტებს სთავაზობს დადებით შედეგებს მოიტანს. დარგის სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდება და შესაბამისად, ახალი ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, განახლებული კურუკულუმით და პროგრამებით, ჩვენ მზად ვიქნებით ვუპასუხოთ. განათლების სამინისტრომ ამ მიმართულების განვითარებისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები განახორციელა და დარწმუნებული ვართ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ასეთი თანამშრომლობა საჭირო და ნაყოფიერი იქნება“ -განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სტუდენტებს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სამომავლო გეგმებზე და ახალ მიმართულებებზე ესაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, მიმდინარეობს არსებული პროგრამების დახვეწა და ახალი პროგრამების შემუშავება. აქტიურად დაწყებულია მუშაობა სამაგისტრო პროგრამების სასწავლო პროგრამებზე დასავლეთ ევროპის (ესპანეთი, იტალია, სლოვაკეთი, პოლონეთი) წამყვან უნივერსიტეტებთან კოორდინაციაში, საერთო ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავებაზე და ორმაგი დიპლომების დანერგვაზე. ამჟამად მიმდინარეობს ყოფილი კვების მრეწველობის ინსტიტუტის შენობის (გურამიშვილის გამზირი #17) რეკონსტრუქცია-რემონტი, რომლის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ თანამედროვე ტიპის ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო დაწესებულება, სადაც განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიაც.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტების დასმულ კითხვებს მინისტრებმა და უნივერსიტეტის რექტორმა ამომწურავი პასუხები გასცეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს სტაჟირების გავლის საშუალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებებში შეეძლებათ. მინისტრებმა წარჩინებული კურსდამთავრებულების დასაქმების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.