მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების მიზნით, ახალი საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამები ამოქმედდება. პროგრამები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე დაყრდნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივესიტეტების მეცნიერთა ჯგუფისა და განათლების ექსპერტების მიერ მომზადდა. დღეს, ილიას უნივერსიტეტში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა ორი პროგრამა - საბაკალავროსთან შერწყმული (300 კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამა და 60 კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამა, მათთვის ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლება თუმცა, არა პედაგოგიური. ისინი ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან მეთოდოლოგიას, ფსიქოლოგიას და რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გაივლიან სკოლებში პედაგოგიურ პრაქტიკას, რითაც მომავალი პედაგოგები თავის თავს რეალურ სივრცეში გამოცდიან. ანალოგიური პროგრამები ევროპის ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და სრულად შეესაბამება ბოლონიისა და ევროპის ერთიანი უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებს.
ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების ამოქმედება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობამ განაპირობა ვინაიდან, ქვეყანაში აქამდე პედაგოგების მომზადების პროცესი ჩაშლილი იყო და მცირე იყო პედაგოგობის მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობა.
სამინისტროს მიერ განხორციელებული ახალი პროექტები - მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიაში შესვლის ახალი სქემა და საუნივერსიტეტო პროგრამები სწორედ, ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას მოემსახურება. მასწავლებლობის მსურველ სტუდენტთა სწავლებას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.