საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგებმა და ექიმებმა, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები და ყველა დაინტერესებული პირი. შეხვედრის მიზანი იყო ყველა მხარეს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიეღოთ.
მშობლები და ფსიქოლოგები სკოლისთვის მზაობაში განსხვავებულ აქცენტებს აკეთებენ. თუ მშობელთა უმრავლესობისთვის წერა–კითხვის ცოდნა ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანის მიზეზია, ფსიქოლოგები აქცენტს სოციალურ, ემოციურ, ინტელექტუალურ მზაობაზე, ასევე მოტორიკის განვითარების დონეზე აკეთებენ. შესაბამისად, ფსიქოლოგების რეკომენდაციებსა და მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევებზე დაყრდნობით, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგადად, ფსიქოლოგები სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელს მიიჩნევენ. შერსაბამისად, ავსრტიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, პოლონეთში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელია განსაზღვული. ასევე 7 წელია სწავლის დაწყების ასაკი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
სასკოლო სწავლების დაწყება ბავშვის ცხოვრებაში უმიშვნელოვანესი მოვლენაა. იგი ერთდროულად უამრავი სიახლის წინაშე დგება და თუ ბავშვს არ აქვს შესაბამისი მზაობა, სკოლაში მისვლა შესაძლოა გადაულახავი სიძნელეებისა და ფსიქიკური ტრავმების დასაწყისი აღმოჩნდეს. ალბათ ყველა მშობელს აინტერსებს, თუ რას გულისხმობს სასკოლო მზაობა. იგი, ფსიქოლოგების განმარტებით, ბავშვის უნარია, დაიწყოს და მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, რაც განვითარების გარკვეულ დონეს შეესაბამება, კერძოდ:
ჩამოთვლილი უნარ-ჩვევები სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით ყალიბდება, შესაბამისად, ინდივიდუალურია, ე.ი. ერთი ასაკი არ ნიშავს განვითარების თანაბარ დონეს, მაგრამ ბავშვთა ასაკობრივი განვითარება გარკვეულ კანონზომიერებებს ექვემდებარება და უმრავლესობისათვის ერთ ასაკობრივ ზღვარში თავსდება.
ფსიქოლოგებისა და ექიმების დასკვნების, სხვადასხვა უცხოური თუ ადგილობრივი კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ 5 და 6 წლის ასაკს განსხვავებული განვითარების საფეხური გააჩნია. ამ ასაკში თითოეულ თვესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ემოციურ-ინტელექტუალური განვითარებისათვის. თუ 5 წლის ბავშვისათვის წამყვანი საქმიანობაა თამაში, 6 წლის ბავშვისათვის ეს არის ხატვა, ძერწვა, კონსტრუირება, რაც უკვე მიუთითებს სასკოლო პროცესისსთვის მზაობას. 6 წლის ასაკში უფრო განვითარებულია კოგნიტური და ნებელობითი უნარები, ვიდრე 5 წლის ასაკში. სკოლაში ბავშვი ხვდება რადიკალურად განსხვავებულ, სტრუქტურირებულ, ახალი მოთხოვნებით და პასუხისმგებლობებით გაჯერებულ გარემოში, რაც 5 წლის ბავშვისთვის უფრო რთული დასაძლევია, ვიდრე 6 წლის ბავშვისთვის.
სკოლა, როგორც თვისობრივად ახალი ინსტიტუციური გარემო 5 წლის ბავშვისთვის სტრესულია. რთულდება ადაპტაციის პროცესი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება დაძლეულადაც ჩაითვალოს, მაგრამ თავი იჩინოს მოგვიანებით, სომატური, ემოციური და ქცევითი პრობლემების სახით, რაც ჩვენი ცენტრის პრაქტიკაშიც ხშირად გვხვდება.