ღონისძიების ფარგლებში, ინოვაციური მეთოდების, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიერ შექმნილი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებისა და მათემატიკის მანიპულატივების გამოყენებით, კითხვისა და მათემატიკის საჩვენებელი გაკვეთილები გაიმართა.
მოხდა იმის ჩვენება, თუ როგორ იყენებს მასწავლებელი ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ და როგორ ნერგავს მას პრაქტიკაში; როგორ ხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსებისა და თვალსაჩინოებების გამოყენება კლასში და პროექტის მიერ შემოთავაზებული აქტივობების დახმარებით, როგორ მიმდინარეობს მშობელთა ჩართვა ბავშვის განათლების პროცესში.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი ხელს უწყობს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების შემოღებასა და დანერგვას. პროცესის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დაახლოებით 300 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასების ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებელი და დაწყებითი საფეხურის დაახლოებით 40 000 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში, მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა და კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით.
დაწყებითი განათლების პროექტი ასევე ითვალისწინებს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, პროექტი ხელს უწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას, რასაც დიდი წვლილი შეაქვს საჯარო სკოლებში მდიდარი სასწავლო გარემოს შექმნის პროცესში.
თითოეული წარმატებული მოდელი და მიღებული გამოცდილება განზოგადდება საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.