შეხვედრას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა, ესწრებოდნენ - განათლების სამინიტროს, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლები.
2013 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო. შედეგად 2013 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, 16 პროფესიულ სასწავლებელში ოცდაათამდე სხვადასხვა საგანმანთლებლო პროგრამაზე, 203 სსსმ და შშმ პირი ჩაირიცხა. თუმცა, ამ ადამიანთა პროფესიული განათლება წარმატებულ ინიციატივად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი, მას კურსდამთავრებულთა დასაქმება და პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზება მოჰყვება. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის აქტუალურ საკითხს, პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა დასაქმების მხარდაჭერა წარმოადგენს.
საქართველომ, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით, აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის თანასწორი უფლება ღია და მისაწვდომ შრომის ბაზარზე და აიღო ვალდებულება უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა დასაქმება საჯარო თუ, კერძო სექტორში. შესაბამისად, განათლების სამინისტრო ეფუძნება ხედვას, რომ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს პროფესია ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით და გახდეს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას შშმ და სსსმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით. განათლების სამინიტროს ინიციატივითა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ჩართულობით, დაიწყო მოლაპარაკება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების შექმნისა და პილოტირების თაობაზე.
თანამედროვე სამყაროში ახალი მიდგომების განვითარებას მუდმივად უსწრებს წინ საფუძვლიანი კვლევა, რათა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სტრატეგია იყოს თანმიმდევრული და მტკიცებულებაზე დაფუძნებული. ამ მიზნით, განათლების სამინიტროს დაკვეთით, ორგანიზაცია „აი ფი ემ კვლევები“-ის მიერ 2014 წლის ბოლოს ჩატარდა კვლევა ,,დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მიმართ“.
დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა კვლევის შედეგების პრეზენტაცია, გამოკვეთილი მნიშვნელოვანი ფაქტორების განხილვა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომავალი სამოქმედო გეგმის წარდგენა.