შრომის ბაზრის კვლევა მიმდინარე წლის თებერვლიდან მიმდინარეობს, პირველადი მონაცემები კი აპრილში იქნება ცნობილი.
უმუშევრობასთან ბრძოლის მნიშვნელოვან იარაღს შრომის ბაზრის შესახებ ინფორმციის სისტემატიზაცია და კვლევების ინსტიტუციონალიზმი წარმოადგენს, რაც შესაძლებლობას იძლევა ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით მივიღოთ ადექვატური გადაწყვეტილებები როგორც სამთავრობო პოლიტიკის, ასევე სამუშაოს მაძიებლის დონეზე. კერძოდ, შრომის ბაზრის ანალიზი შესაძლებლობას მოგვცემს გამოვკვეთოთ მოთხოვნადი პროფესიები და კვალიფიკაციები, ბაზრის დინამიკა და განვითარებადი პროფესიები, რაც დაეხმარება მთავრობას განათლების მიზანმიმართული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ხოლო სამუშაოს მაძიებელს-კარიერული განვითარების სწორად დაგეგმვაში.
შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანეგრვისა და განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შესაბამისი დოკუმენტი „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნულის საჭიროება განაპირობა შრომის ბაზრის შესახებ სტატისტიკური არასრული ინფორმაციის არსებობამ, ასევე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების შესახებ ინფორმაციის ნაკლებლობამ.
ზემოხსენებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად, დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ბიზნეს კონსულტაციის ჯგუფი “BCG”.
აღსანიშნავია, რომ კვლევა უპრეცედენტოა როგორც მიზნობრიობის, ასევე მისი მასშტაბურობის გათვალისწინებით. დამსაქმებელთა შესწავლა განხორციელდება მათი ეკონომიკური საქმიანობის გათვალისწინებით და კვლევის დასრულებისას შესაძლებლობა გვექნება მაქსიმალურად მიახლოებული სიზუსტით განვსაზღვროთ საქართველოს შრომის ბაზრის პოტენციალი პროფესიებისა და აუცილებელი კომპეტენციების კუთხით. ინფორმაცია საფუძველს ჩაუყრის საგანმანათლებლო პოლიტიკის სწორ დაგეგმვას, ვინაიდან განისაზღვრება მოთხოვნადი პროფესიების რაოდენობა. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 6220 დამსაქმებელი.