საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის), საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, ორდღიანი ფორუმი გაიხსნა სახელწოდებით „მასწავლებელთა ხარისხის და ეფექტიანობის გაუმჯობესება - აუცილებელი პირობა საქართველოს კონკურენტუნარიანობისთვის 21-ე საუკუნეში.“
მასწავლებელთა საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების გაუმჯობესება, მასწავლებელთა სამუშაო ძალის ეფექტიანობის გაზრდა და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ახალი, ნიჭიერი კადრების მოსაზიდად - ეს ის საკითხებია, რომელზეც მასწავლებელთა პოლიტიკის ფორუმზე ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი.
საქართველოში მასწავლებელთა განვითარებასთან დაკავშირებული მწვავე საკითხების განსახილველად, ფორუმმა ასევე თავი მოუყარა უცხოელ ექსპერტებს, ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, განათლების სპეციალისტებს და საერთაშორისო დონორებს. ფორუმის მონაწილეები კონკრეტულ რეკომენდაციებსა და პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს შეიმუშავებენ, რათა საქართველოს მასწავლებელთა სამუშაო ძალა უფრო ეფექტიანი იყოს. რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სექტორის განვითარების იმ სტრატეგიული მიმართულებების ამოქმედებას, რომელიც ახლახან იქნა შემუშავებული და დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
იუნისეფისა და ესტონეთის მხარდაჭერა მომავალი მასწავლებლების საუნივერსიტეტო განათლების მიმართ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, კარგ შესაძლებლობას ქმნის საქართველოში მასწავლებელთა ხარისხის გასაუმჯობესებლად. თუმცა აღიარებულია, რომ კვლავ ბევრია გასაკეთებელი მასწავლებელთა საქმიანობა სკოლაში მაღალკვალიფიციურიც რომ იყოს და უფრო შედეგიანიც.
აქამდე საქართველოს მასწავლებელთა უმრავლესობას არ ჰქონდა უწყვეტი პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობა. ახალი სისტემის ფარგლებში, სასწავლო კარიერის დაწყების წინ მომზადება ძირითადი საშუალებაა, რომ მასწავლებელმა შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც მას მთელი კარიერის მანძილზე დასჭირდება. ამასთანავე, ბევრი რამ გაუმჯობესდება მომავალი მასწავლებლების განათლების კუთხით, რათა ისინი გახდნენ უკეთესი პრაქტიკოსები და შეძლონ მოსწავლეზე და ძიებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენება. ასეთი მასწავლებლები ხელს შეუწყობენ მოსწავლეების სწავლასა და შემეცნებას, მათი პოტენციალის სრულ განვითარებას მშრალი ფაქტებისა და ინფორმაციის მიღების ნაცვლად. კარგი მასწავლებელი მოსწავლეს უნდა ეხმარებოდეს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა შეიძინოს, არამედ, ეს ცოდნა ფართო ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოიყენოს.