დღეს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაწყებითი საფეხურის განახლებული სტანდარტი წარმოადგინა.
დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების სტანდარტის რევიზიის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
• შეხვედრები დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებლებთან (როგორც ზოგადი დაწყებითის, ასევე საგნის მასწავლებელებთან);
• გაკვეთილზე ესგ-ს დანერგვის მონიტორინგი:
I. საკლასო პრაქტიკაზე დაკვირვება;
II. მოსწავლეთა შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი;
III. მასწავლებელთა მიერ შევსებული კითხვარების ანალიზი.
• სკოლების, მასწავლებელთა ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტებიგან მიღებული ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების ანალიზი;
• საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების ძირითადი ტენდენციების გამოსავლენად;
• საერთაშორისო კვლევის - TIMSS-ის შედეგების ანალიზი. სასწავლო გეგმისა და TIMSS-ის შინაარსობრივი და კოგნიტური სფეროების შესაბამისობის დადგენა.
• მოქმედი სახელმძღვანელოების ანალიზი.
გამოვლენილი პრობლებემის გადაჭრის მიზნით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
• ცალკე მიმართულებად გამოიყო „მეცნიერული კვლევა-ძიება“;
• შეიცვალა შინაარსის მიწოდების ფორმა: საკითხთა ჩამონათვალის ნაცვლად შინაარსი დაწერილია თხრობითი სახით და მოიცავს მოცემული შედეგის ფარგლებში მოსწავლის მიერ შესამეცნებელ ინფორმაციას;
• შემცირდა შედეგების რაოდენობა კლასების მიხედვით და შესაბამისად, ჯამური რაოდენობა საფეხურის ფარგლებში;
• მასწავლებლებისათვის დაემატა თითოეული შედეგის შესაბამისი სარეკომენდაციო აქტივობების ნიმუშები;
• მეტად გამოიკვეთა კავშირი მიმართულებებს შორის;
• დაიხვეწა და დაზუსტდა შედეგებისა და ინდიკატორების ფორმულირებები, შეძლებისდაგვარად გამარტივდა დოკუმენტის ენა;
• დაემატა ICT-ის გამოყენებაზე დაფუძნებული აქტივობების მოთხოვნა.
ახალი სტანდარტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები.