გამომცემლობა „დიოგენეს“, „ინტელექტისა“ და სხვა დაინტერესებულ პირებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო რიგი დასახელების სასკოლო სახელმძღვანელოების შესყიდვას მაღალ ფასად ახორციელებს, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო თანხები. იმ შემთხვევაში კი, თუ სამინისტრო წიგნებს გამომცემლობებისგან ან მაღაზიაში შეიძენდა, მისი ფასი გაცილებით იაფი იქნებოდა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ეყრდნობა ხელშეკრულებიდან ფრაგმენტულად ამოღებულ ინფორმაციას. იმავე მიდგომით, იმავე ხელშეკრულებიდან, იმავე გამომცემლობების სხვა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ფრაგმენტულად ამოღებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, შემდეგ სურათს მივიღებთ:
მოცემული ცხრილის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზემოთ ჩამოთვლილ სახელმძღვანელოებს ბეჭდავს 70,221.72 ლარად (საშუალოდ 1 ეგზემპლარის ღირებულება 1.81 ლარია)
წიგნის მაღაზიებში დაფიქსირებული მინიმალური ფასების შესაბამისად იმავე სახელმძღვანელოების იმავე რაოდენობის შეძენას სახელმწიფო შეძლებდა 309,959.5 ლარად (საშუალოდ 1 ეგზემპლარის ღირებულება 8,00 ლარია)
დასკვნა: ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, იმავე მიდგომით, იმავე ხელშეკრულებით, იმავე გამომცემლობების სხვა სახელმძღვანელოების შესყიდვისას დაზოგილი ბიუჯეტის რაოდენობა შეადგენს 239,737.78 ლარს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დარჩენილი სახელმძღვანელოების 95%-იც თითქმის ამ ფასად იბეჭდება. ზოგადად სწორია, როდესაც ხელშეკრულების მონაცემების ანალიზი სრულად კეთდება და არა ფრაგმენტულად. ამ სწორი მიდგომით კი, ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან გამომდინარე, გამარჯვებული კომპანიის მიერ განფასებული ერთეულისახელმძღვანელოს საშუალო ღირებულება 3.644 ლარი, ხოლო რვეულის 0.75 ლარია. აღნიშნულის შეფარდებითაც კი ერთეულის საშუალო ფასი როგორც სასკოლო სახელმძღვანელოსი ასევე, სავარჯიშო რვეულის ღირებულება გაცილებით მცირეა სასკოლო სახელმძღვანელოების გამავრცელებლებთან არსებულ საცალო ღირებულებასთან. ამასთან, ტენდერის პრინციპებიდან გამომდინარე, მომწოდებელი იმარჯვებს ჯამური ღირებულებით და არა საცალო ღირებულებით და თავად ტენდერში მონაწილე მომწოდებლები ახდენენ განფასებას სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სავარჯიშო რვეულების, თავიანთი შეხედულემისამებრ.
ასევე აღსანიშნავია, რომ გამომცემლობების - „დიოგენესა“ და „ინტელექტის“ მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტენდერი განხორციელებულიყო ცალკეული წიგნების შესყიდვის მიხედვით, გაუმართლებელია, რადგან არსებული კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
რაც შეეხება გამომცემლებსა და სამინისტროს შორის სასამართლო დავას, რაზეც გამომცემლები ასევე ხშირად აპელირებენ, სამინისტრო მიესალმება კანონის ფარგლებში ნებისმიერი საკითხის განხილვას. როგორც ცნობილია, გამომცემლობებმა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართეს. ამ ეტაპზე, საკითხი ორი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა, მაგრამ მათგან არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გამომცემლობა „არტანუჯის“, „ინტელექტის„ „ლოგოს პრესისა“ და „დიოგენეს“ წარმომადგენლები სასამართლოსგან მოითხოვდნენ უკანონოდ ეცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედება - გამომცემლების საკუთრებაში არსებული სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭვდა და გავრცელება. ამასთან, ბათილად ეცნო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს N1051 ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და სამინისტროს დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება „არტანუჯის“ სასარგებლოდ 3 845 399 ლარის, გამომცემლობა „ინტელექტის“ სასარგებლოდ 13 005 083 ლარის, „ლოგოს პრესის“ სასარგებლოდ 932 059 ლარისა და გამომცემლობა „დიოგენეს“ სასარგებლოდ 4 911 472 ლარის ოდენობით.
დაბოლოს, სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ დეტალური განმარტების მიუხედავად, ბრლალდებები გაგრძელდეს თუმცა, სამინისტროსთვის მთავარი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რაც წინა წლებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების განხორციელებებისას კი, ერთ-ერთი მთავარი პრინიციპი საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვა და საზოგადოების სწორი ინფორმირებაა.