საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის „ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში, მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მთავრობათაშორისი შეთანხმებების საფუძველზე, აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ბოლო წლებში სამინისტროს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.
თამარ სანიკიძემ ამბასადორიალზე იმ რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც ამ მომენტისათვის წარმატებით მიმდინარეობს:
• აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამებს საინჟინრო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების (STEM) მიმართულებით.
• საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ეფექტურად განხორციელდეს შრომის ბაზრისა და მასზე არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების კოორდინაცია და მონიტორინგი. ამ მიზნით ხორციელდება: საკანონდებლო ცვლილებები; სტანდარტები; მოდულარული პროგრამები; კოლეჯების რეაბილიტაცია/აღჭურვა; დახმარება პარტნიორობაზე და სხვ.
• ევროკავშირის პროგრამა „TEMPUS“ – ის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს MathGeAr პროექტს, რომლის მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის განათლების ხარისხის გაუმჯობესება. საქართველოს 17 საჯარო და 6 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი ჩართულია „ერასმუს მუნდუსის“ 18 პროექტში, რომლის მეშვეობითაც მოხდა 571 სტუდენტის და ინსტიტუტის თანამშრომლობის მობილობა.
• 2015 წლიდან ამოქმედდა ევროკავშირის პროგრამა Erasmus+ განხორციელება. გამოქვეყნდა Erasmus+ სტუდენტთა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების კონკურსის პირველადი შედეგები. საქართველო სტიპენდიების რაოდენობის მხრივ 74 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა!
350 სტუდენტი და 188 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი მიიღებს სტიპენდიას ევროპაში მოკლევადიანი სწავლის/მუშაობისათვის. საქართველო, თავის მხრივ, უმასპინძლებს 53 ევროპელ სტუდენტსა და 93 პროფესორ–მასწავლებელს.
დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტების მიხედვით მალე გამოქვეყნდება.
• დღეისათვის საქართველოს 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა დასრულების შემდეგ გაიცემა ორმაგი აკადემიური ხარისხი ისეთ წამყვან დასავლურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, როგორიცაა იენის, პოტსდამის, პარიზის 8, გრენობლის, ბოლონიის, ბირმინგემის, ემორის, ბუდაპეშტის, ტალინის ტექნოლოგიური, რიგის, არიელის და სხვ. უნივერსიტეტები.
• დასრულდა მოლაპარაკებები ევროკომისიასთან საქართველოს კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონ 2020“-ში ასოცირებულ წევრად შესვლსათან დაკავშირებით, რაც ქართველ მეცნიერებსა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის ბიუჯეტით დაფინანსებულ ერთობლივი კვლევის ცენტრის აქტივობებში იგივე პირობებით, რაც ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
• სამინიტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიების განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამაში და ახორციელებს ერთობლივ კონკურსებს ევროპული და რეგიონალური კოლაბორაციული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდასაჭერად. 2015 წელს გრძელდება ფონდისა და გერმანიის იულიხის (Forschungszentrum Jülich) კვლევითი ცენტრის ერთობლივ კონკურსებში გამარჯვებული მეცნიერების დაფინანსება: 2014 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 5 ახალგაზრდა მეცნიერი.
• 2015 წლის 16 ივნისს განახლდა ფონდის ხელშეკრულება იულიხის ცენტრთან (Forschungszentrum Jülich) თანამშროლობის 5 წლიანი ვადით და მის შესაბამისად, განხორციელდება იულიხი-საქართველოს ერთობლივი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (თსუ, სტუ, ისუ) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის დაფინანსების ახალი სქემით 50%-50%.
• სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი თანამშრომლობს ელექტრონული ჟურნალების ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობასთან - ELSEVIER-თან. ELSEVIER მონაცემთა ბაზაზე დაშვების უფლება უზრუნველყოფს საქართველოს მეცნიერთათვის სამეცნიერო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ეს არის ნაწილი იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტებისა, რასაც ფონდი ახორციელებს.
• სამინისტროს მიერ შეიქმნა ქართულის, როგორც უცხო ენის რესურსები და შესაბამისი ვებგვერდი. მასზე განთავსებულია სახელმძღვანელოები ქართული ენის უცხოელი შემსწავლელებისათვის, სხვადასხვა დამხმარე მასალა, მეთოდიკის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. იზრდება ვებგვერდის მომხმარებელთა რიცხვი უცხოეთში. ამ მიმართულებით, ინტენსიურად გრძელდება მუშაობა.
• „ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა ორენოვანი ლექსიკოგრაფიის მეთოდიკის სახელმძღვანელო, რომელიც ითვალისწინებს ქართულ-ევროპული ორენოვანი ლექსიკოგრაფიის განვითარების ისტორიის შექმნას. წელს ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში ქართულ-ინგლისური ორენოვანი ლექსიკოგრაფიის ისტორიისათვის მოძიებულ იქნა მასალები, რომლებიც ამჟამად ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და დამუშავების პროცესშია. შედეგად შეიქმნება ქართულ-ინგლისური ორენოვანი ლექსიკოგრაფიის ისტორიის სახელმძღვანელო.
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობენ.
ეს არის ნაწილი იმ პროექტებისა, რაზეც თავის მოხსენებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ისაუბრა.