26 სექტემბერს მთელი ევროპა საზეიმოდ აღნიშნავს ენების ევროპულ დღეს, რომელიც წელს უკვე მესამედ საქართველოშიც აღინიშნება. ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებების და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, ამდენად ევროპის საბჭო ფართოდ უწევს პოპულარიზაციას პლურილინგვალიზმს მთელს ევროპაში.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ
- საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ
- EUNIC-ის პრეზიდენტმა საქართველოში ჟან-ივ ლავუარმა
ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროგრამა მოიცავდა კონკურსებს, ვორქშოფებს და მრავალ სხვა გასართობ და შემეცნებით ღონისძიებას, რომელში მონაწილეობაც მთელი დღის განმავლობაში 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეეძლოთ. დღის ბოლოს გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. პირველ ოთხ ადგილზე გასული მოსწავლეები ნინი ლომიძე, მარიამ კიკნაძე, ზურაბ კალანდია და თამთა ნადარაია საქართველოს განათელებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კომპიუტერებით დაასაჩუქრა. ენის შემსწავლელი კურსების ვაუჩერი გადაეცა კონკურსის მონაწილე კიდევ ოთხ მოსწავლეს.
რა გააკეთა განათლების სამინისტრომ ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით
ქართული ენის პოპულარიზაცია უცხოეთში წელს უპრეცედენტოდ ფართო მასშტაბით ხორციელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამის“ ფარგლებში, წელს ამ დღის აღსანიშნავად მომზადდა მრავალფეროვანი მასალა, კერძოდ, ორენოვანი ილუსტრირებული ბროშურა „ქართული ენა“ ხუთ ენაზე (ქართულ-ინგლისური, ქართულ-გერმანული, ქართულ-ფრანგული, ქართულ-ესპანური, ქართულ-რუსული), პოსტერები: ქართული ანბანი და ვისწავლოთ ქართული ენა, წიგნის სანიშნე, მუსიკალური ვიდეოკლიპი „ქართული ანბანი“. ეს მასალები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ ისინი გაგზავნა უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოებში. საელჩოები ამ დღის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიალზე წარმოადგენენ ქართული ენის კუთხეს და ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებულ პირებს, ქართული ენის უცხოელ შემსწავლელებს საჩუქრად გადასცემენ ამ მასალებს. 26 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში ქართული კუთხე წელს პირველად იქნება წარმოდგენილი. ზემოჩამოთვლილი მასალები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ქართულის, როგორც უცხო ენის ვებგვერდზე www. geofl.ge
ევროპის საბჭოს თანამედროვე ენების ევროპულ ცენტრს www.ecml.at აქვს სპეციალურად ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ვებგვერდი, რომელიც სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამის“ ფარგლებში მომზადდა ამ ვებგვერდის ქართულენოვანი ვერსია, ქართული ბანერითა და ფლაიერით და წელს ისიც შეემატა ენების ევროპული დღის ვებგვერდს.