„მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, 17 ნოემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც ანტიპლაგის პროგრამის სლოვაკურ გამოცდილებაზე სლოვაკეთის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრის პროექტების მენეჯერმა იულიუს კრავიარიმ ისაუბრა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
პროგრამა „ანტიპლაგი“ საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო შრომებში პლაგიატის შემთხვევების გამოვლენისა და პლაგიატის დონის განსაზღვრას უზრუნველყოფს. კერძოდ, იგი საზღვრავს თუ რომელი სამეცნიერო შრომიდანაა გადმოწერილი ესა თუ ის ტექსტი და ჯამურად, ნაშრომის რა პროცენტი წარმოადგენს პლაგიატს.
პროგრამამ უკვე გაიარა ტესტირება ეროვნულ საემცნიერო ბიბლიოთეკაში - იგი კარგად ამუშავებს ტექსტებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღნიშნული პროგრამა უკვე შემოწმებული ნაშრომის მომავალში სხვების მიერ უკანონოდ გამოყენების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, მასში გატარებული და შემდეგ, შესაბამისი კომისიის მიერ დამოწმებული სამეცნიერო ნაშრომების ხარისხის სანდოობაც ერთი ორად იზრდება. პლაგიატის დეტექტორი პროგრამის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლაგიატიზმის დონის შესამცირებლად.
სამომავლოდ შესაძლებელია ანტიპლაგის პროგრამა სავალდებულო გახდეს უმაღლესი სასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესორებისა თუ მასწავლებლებისთვის. პლაგიატის დონის შესამცირებლად მსგავსი პროგრამის არსებობისა თუ პლაგიატიზმის მანკიერი მხარეების შესახებ მნიშვნელოვანი იქნება სასწავლო-აღმზრდელობითი სამუშაოს ჩატარება სტუდენტთა შორის. ასევე საჭირო იქნება პლაგიატიზმთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულფასოვნად ფორმირება.
უშუალოდ ანტიპლაგის პროგრამის მუშოაბის სტრუქტურა ასეთია: სამეცნიერო შრომა აიტვირთება ანტიპლაგის დექტირების პროგრამაში და მაქსიმუმ 2 წუთში იგზავნება პასუხი წინასწარ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მიღებულ პასუხში მითითებული იქნება ის მონაკვეთები ტექსტისა, სადაც აღმოჩენილია პლაგიატის შემთხვევა და პლაგიატის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც მასალას აღნიშნული პროგრამა მიაანიჭებს. ამის შემდეგ სპეციალური კომისია ადგენს პროგრამის მიერ მოწოდებული შედეგი ნამდვილად პლაგიატია თუ არის პერიფრაზი ან ა. შ. ნაშრომს საბოლოოდ სწორედ კომისია ანტიპლაგის პროგრამაზე დაყრდნობით შეაფასებს.