ექვსი მილიონ სამასი ათასამდე ლარია გამოყოფილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სასწავლო კორპუსის, სამეცნიერო-სასწავლო ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
ცხრამეტი მილიონ ოთხასი ათასამდე ლარი გაიხარჯება სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებისა და კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებისა და მის შემადგენლობაში შემავალი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე ოთხი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ლარი დაიხარჯება.
ხუთი მილიონ ოთხასი ათასზე მეტი დაიხარჯა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე.
მილიონობით ლარია გამოყოფილი რეგიონებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტების, მათ შორის სოხუმის უნივერსიტეტის რეაბილიტაციისათვის, ამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია (ზუგდიდის მესხიას სახ. უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი). პროცესი დღესაც გრძელდება.
2013 წლიდან რვა მილიონამდე ლარით დაფინანსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვასთან და სხადასხვა ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული პროექტები. 17 მილიონი ლარი დაიხარჯება ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის რესურსების მართვის საკვლევი ექსპერიმენტული ბაზის მოსაწყობად.
სამინისტროს დაფინანსების გარდა, გაზრდილმა ბიუჯეტმა, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს საშუალება მისცა თავიანთი დაფინანსებითაც აწარმოონ ინფრასტრუქტურისა და სამეცნიერო ტექნიკური ბაზის განახლებითი სამუშაოები, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს კანონში შესული ცვლილებებისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და აღჭურვითი სამუშაოების საფუძველზე, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული მრავალი პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, არსებული სამეცნიერო პოტენციალის რეალიზება და მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.