მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში საკლასო დაკვირვების პროცესის პილოტირება 2016 წლის მარტიდან დაიწყო. პილოტირების პირველი ეტაპისათვის ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის 20 სკოლა შეირჩა. პროცესში რუსთავისა და კასპის საჯარო სკოლის 80 პედაგოგი ჩაერთო.დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პილოტირების პროცესში ჩართულ პედაგოგებს შეხვდნენ და პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
საკლასო დაკვირვების პროცესის პილოტირება არ გულისხმობს კონკრეტული პედაგოგის საქმიანობის შეფასებას, ტარდება მხოლოდ პროცესის იმიტაცია, რათა შეფასდეს მისი მიმდინარეობის ეფექტურობა პილოტირების პროცესში. მიღებული ინფორმაცია საკლასო დაკვირვების დახვეწასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
საკლასო დაკვირვების პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 2016-2017 სასწავლო წელს ამოქმედდება და ის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისათვის. საკლასო დაკვირვების მომზადების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა რამდენიმე ეტაპი: სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საჭიროებების გამოვლენა; მოქმედი პედაგოგების თანამონაწილეობით საკლასო დაკვირვების ნაწილის ძირითადი პრინციპებისა და შეფასების კრიტერიუმების შემუშავება; საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით. ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, საკლასო დაკვირვების ნაწილი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებმა უნდა გაიარონ. საკლასო დაკვირვების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დაკვირვებისა და ანალიზის გზით პედაგოგიური უნარების შეფასება.