ინკლუზიური პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია ,,ბაბალეს“ ინიციატივით, მოდების ჩვენება გაიმართა სახელწოდებით ,,მე და პროფესიები,,. ჩვენებაში მონაწილეობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები, პროფესიული კოლეჯების სტუდენტები და მათი მეგობრები იღებდნენ. მათ ცნობილი ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სხვადასხვა პროფესიის სამოსი მოირგეს და შეკრებილ აუდიტორიას წარუდგნენ.
ღონისძიების ,,მე და პროფესიები,, მთავარ გზავნილს წარმოადგენდა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და იმის ხაზგასმა, რომ ნებისმიერი პროფესია შეიძლება ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
პროექტი ,, მე და პროფესიები,, ინოვაციურია, რადგან სრულიად განსხვავებული სფეროს, ინტერესების, შესაძლებლობების ადამიანები გააერთიანა:
- იდეის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ორგანიზაცია ,,ბაბალე“ იყო;
- იდეის ხორცშესხმაში ჩართულნი იყვნენ ცნობილი დიზაინერები: სალომე ღვინიაშვილი, ავთანდილი, ლალო კარდიგანი, აკა ნანიტაშვილი, ანუკი არეშიძე, მაკა ხარძიანი და სხვ.
- სამოსის შეკერვაში აქტიური მონაწილოება მიიღეს პროფესიულმა კოლეჯებმა: გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი და ,, მერმისი,, ;
- ფოტო და ვიდეოგადაღებას ახორციელებდნენ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები;
- მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები;
- ღონისძიების ორგანიზებაზე იმუშავა კომპანია „ფეშენ შარმმა“.
- ჩვენების მხატვრული მხარის უზრუნველყოფაში ჩართული იყო ჩრდილების თეატრი.
ღონისძიება დაემთხვა პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამებზე რეგისტაციის პროცესს და დაასრულა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშირისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული. რაც მთავარია, ჩვენება შეეხმიანა წლევანდელ გზავნილს ,, ჩემი მეგობრები- ჩემი გარემოცვა,, .
,,მე და პროფესიების,, ორგანიზების პროცესში დაცული იქნა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპი, რაც კარგ პრეცენდენტს ქმნის საზოგადოებაში ადექვატური განწყობებისა და დამოკიდებულებების შექმნაში. ჩვენების მომზადებაში ჩართულმა თითოეულმა ინდივიდმა მიიღო რაღაც ახალი, გაუზიარა სხვას ისეთი გამოცდილება, რომელიც აქამდე უცნობი იყო მისთვის.