საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგიური განათლების რეფორმის განხორციელება დაიწყო. რეფორმა ორეტაპიანია - საშუალო და გრძელვადიანი. საშუალოვადიან პერიოდში, მოხდება კადრების თანამედროვე მეთოდოლოგიით მომზადება. კერძოდ, სექტებრიდან ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი), რითაც უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც პედაგოგობის სურვილი აქვს, ექნება შესაძლებლობა გაიაროს შესაბამისი საუნივერსიტეტო პროგრამა და გახდეს მასწავლებელი.
პროგრამაზე მსურველების დაფინანსება მოხდება დეფიციტების მიხედვით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რისთვისაც სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა უკვე დააფინანსა. ერთწლიანი პროგრამა აწყობილია იმგვარად, რომ უზრუნველყოფს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას და მასწავლებლის უნივერსიტეტში მომზადებას. მოტივაციის ამაღლების და ახალი კადრების მოზიდვის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ მოსამზადებელი პროგრამის შედეგად, მასწალებელი შევა სკოლაში პროფესიული განვითარების იმ საფეხურზე, სადაც მას საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან გათანაბრებული ანაზღაურება ექნება.
რაც შეეხება 2016-2017 წლის გრძელვადიან სამოქმედო გეგმას - წელს შემუშავდება 300 კრედიტიანი პროგრამები, რომელიც 2017-2018 წელს ამოქმედდება. გრძელვადიანი საუნივერსიტეტო პედაგოგიური განათლების რეფორმის ფარგლებში, 2017-2018 სასწავლო წლიდან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა (300 კრედიტი) ამოქმედდება.