საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღე საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან გაატარა.
როგორ ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების კონცეფცია პრაქტიკაში - ეს წარმოადგენდა მინისტრის ვიზიტის მიზანს პროფესიულ სასწავლებელში, სადაც სხვა სტუდენტებთან ერთად, 15 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ეუფლება პროფესიას.
ბოლო წლების განმალობაში პროფესიული განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა ინკლუზიური განათლების დანერგვის მიმართულებით, რაც საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კერძოდ: 2013 წლის შემდეგ პროფესიულ განათლებაში 400-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირი ჩაერთო, მათი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის სისტემაში დაინერგა სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისი (ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი და სხვ.) 5 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს უნივერსალური დიზაინის პრინციპების განთვალისწინებით, განხორციელდა სპეციალისტების გადამზადება, დაიწყო ქართული ჟესტური ენის განვითარება და სხვადასხვა სახის ვიწრო სპეციალისტების მომზადება.
პროფესიულ სასწავლებელში ვიზიტის დროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მთავარ კითხვას წარმოადგენდა რამდენად შეცვალა პროფესიულმა განათლებამ და მოზარდების არჩევანმა მათი ცხოვრება, რას გეგმავენ ისინი მომავალში და რას ეტყოდნენ თანატოლებს, რომლებიც შესაძლოა არჩევანის წინაშე დგანან და გარკვეული შესაძლებლობათა შეზღუდვა მათთვის პიროვნულ ბარიერს წამოადგენს მიიღონ განათლება მაშინ, როდესაც ნებისმიერ ადამიანს აქვს მისწრაფება იყოს რეალიზებული და შეძლოს დამოუკიდებელი არსებობა საზოგადოებაში. ინკლუზიურობის პრინციპი განათლებაში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. შეუძლებელია საზოგადოება იყოს ერთსახოვანი და მას ჰქონდეს განვითარების ამბიცია. შესაბამისად, საგანმანთლებლო სისტემა უნდა იყოს ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული და ყველას აძლევდეს განათლების მიღების თანაბარ შანსს.