საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს შორის დასაქმების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობისათვის შესაძლო სერვისების იდენტიფიცირება, შერჩეული სერვისების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, დასაქმების ხელშემწყობი სერვისების პილოტირება და პილოტირების შედეგების ანალიზი. საუკეთესო გამოცდილებისა და კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები სსსმ და შშმ პირთა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების სისტემის და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის.
აღნიშნული მემორანდუმით სახელმწიფო უწყებები ეხმიანებიან საქართველოს მიერ რატიფიცირებულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს შშმ პირების განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულყოფილ და თანასწორ მონაწილეობა.
აღნიშნული მემორანდუმის შექმნისა და ხელმოწერის ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, რომელმაც პირველად საქართველოში, ინიცირება გაუწია ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულ მხარდაჭერითი დასაქმების სერვისის შექმნას. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს მიერ ნორვეგიელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს უწყობს სსსმ და შშმ პირთა დასაქმების მხარდაჭერის პროცესში ჩართულ პირთა პროფესიულ განვითარებას და მხარდაჭერითი დასაქმების მეთოდოლოგიის შემუშავებას.
2016 წელს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ დასაქმებული 2 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი და გადაწყვეტილების მიმღები პირები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ გაერთიანებული სამეფოს ქალაქ გერნსიში, სადაც გაეცნენ მხარდაჭერითი დასაქმების საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკას. ასევე ვიზიტის შედეგად გადამზადებული ექსპერტების მიერ მიმდინარეობს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტების მუშაობის კონცეფციის შექმნა, რათა ქვეყანაში შემუშავდეს მხარდაჭერითი დასაქმების სტანდარტები. ამასთან, იქმნება სატრენინგო მოდული მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტების გადამზადებისთვის. მოდულის გავლის შესაძლებლობა ექნება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აყვანილ დასაქმების ყველა კონსულტანტს.
მხარდაჭერითი დასაქმება საქართველოში პირველი სისტემური მიდგომაა შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმებისათვის, რომელიც უწყებათაშორისი თანამშრომლობით ხორციელდება.