განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო ტრენინგების ციკლი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციისთვის თემაზე „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები“.
ტრენინგის მიზანია პედაგოგებმა მიიღონ ცოდნა და უნარები მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებთან (მათ შორის ისეთი რთული ჯგუფის, როგორიცაა მიუსაფარი ანუ ე. წ. ,,ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები") მუშაობის სირთულეების დასაძლევად, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. შესაძლებელი უნდა გახდეს სენსიტიური ჯგუფების ბავშვთა პიროვნული ზრდა-განვითარების და საზოგადოებასთან ჯანსაღი შერწყმისთვის მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის რისკების მინიმუმამდე დაყვანა, მათი ინტეგრაციის პრობლემების დაძლევა და სკოლაში სწავლის მოტივაციის შექმნა.
ტრენინგის მოდულისთვის თემატიკა და პროგრამა შეირჩა მიუსაფარ ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ფსიქო-სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით. აღნიშნული სასწავლო კურსი დაიგეგმა და განხორციელდა 2015 წელსაც. მასში მონაწილეობა მიიღეს მიუსაფარ ბავშვთა მასწავლებლებმა და სკოლების დირექტორებმა. ტრენინგს დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოყვა პედაგოგების მხრიდან, რადგან ის თემები, რომლებიც განიხილება სწავლების პროცესში ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია კლასის მართვის და სენსიტიური ჯგუფების ბავშვებთან ურთიერთობისთვის.
ტრენინგს ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)“. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ ის სკოლები რომლებშიც ირიცხებიან მიუსაფარი ბავშვები სულ 34 სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები. მათ შორის თბილისის 22 , ქუთაისის 6 და რუსთავის 6 სკოლა.