23.03.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. ის დღეს ტორონტოში ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს ჯული ლინდჰაუტსა და ონტარიოს განათლების მინისტრის მოადგილეს კევინ კოსტანტეს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, რაც კანადურმა მხარემ დადებითად შეაფასა. რეფორმების ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებას და ამ მხრივ საქართველოში ინგლისურენოვანი 1000 მოხალისე მასწავლებლის მოწვევას.
მოხალისეები საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდებიან და მოსწავლეებს ინგლისურს პირველივე კლასიდან შეასწავლიან. პროგრამაში კანადელი, ამერიკელი, ავსტრალიელი, ბრიტანელი, ახალზელანდიელი და ირლანდიელი მოხალისეები ჩაერთვებიან.
ტორონტოში კანადელ კოლეგებთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ კანადის განათლების სამინისტრო სკოლებსა და სკოლების საბჭოებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე ამ პროგრამის შესახებ და ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მოხალისე მასწავლებლების მოზიდვას.
შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და კანადის უნივერსიტეტების ურთიერთობაზეც. კანადაში სწავლება ძალიან მაღალ დონეზეა და ის დასავლურ უნივერსიტეტებს უტოლდება, ამასთან, კანადაში ბაკალავრის და მაგისტრატურის პროგრამები ბევრად იაფია, ვიდრე ამერიკულ და ევროპულ სკოლებში. აქედან გამომდინარე, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველო ამ კუთხით აქტიურად ითანამშრომლებს კანადურ მხარესთან, რათა ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცეთ განათლების მიღება კანადაში გააგრძელონ.
დიმიტრი შაშკინი დღესვე ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს ჯული ლინდჰაუტს შეხვდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კანადაზე პატარა ქვეყანაა, აქტიურად მონაწილეობს ავღანეთისა და ერაყის ოპერაციებში და მიისწრაფის ნატოს წევრობისკენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღესვე ტორონტოდან ოტავაში გაემგზავრა, სადაც ის სახელმწიფო მინისტრს დემოკრატიული რეფორმების საკითხებში სტივენ ფლეტჩერს შეხვდება.