საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ბოლო პერიოდში, ზოგადი განათლებაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. კერძოდ, მასწავლებელთა გაზრდილი ხელფასები; განახლებული სასწავლო გეგმა; ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის ამოქმედება; ელექტრონული ჟურნალები; აღდგენილი ექიმის კაბინეტები; გადამზადებული მანდატურები და მოსწავლეების ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი ფსიქოლოგიური ცენტრები; გადამზადებული მასწავლებლები და დირექტორები; განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ახალი სკოლების მშენებლობა; სკოლების აღჭურვა სასკოლო ინვენტარით; სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლეს და კომპიუტერები ყველა პირველკლასელს; ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა და სპეცმასწავლებელთა გაზრდილი რაოდენობა; სკოლის მოსწავლეთა ტრასპორტით მომსახურება და სხვ.
რაც შეეხება სიახლეებს
– დაინერგება თავისუფალი გაკვეთილები, რაც მოსწავლის ინტერესზე ორიენტირებული სწავლების ინოვაციური და კრეატიული საშუალებაა და სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მრავალფეროვან აქტივობებს და პროექტებს, რომელიც მათ დაეხმარებათ ანალიტიკური, კრეატიული, შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ლიდერის უნარების, და ასევე, სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციების განვითარებაში. მოახდენს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. თავისუფალი გაკვეთილების დანერგვა უაღრესად მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვისაც, რადგან მათთვის დამატებით ფინანსურ წყაროს წარმოადგენს და ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას.
– მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაგრძელდება დირექტორების, ფასილიტატორების, მასწავლებლების და შეფასების ჯგუფის წევრთა მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება. ამავე მიზანს მოემსახურება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელიც ხორცილდება 2016-2019 წ.წ. და მისი ბიუჯეტი14 მილიონი აშშ დოლარია (MCC/MCA)
– 2016-2017 სასწავლო წელს ავტობუსების მომსახურებით დამატებით 23 საჯარო სკოლა და 1500 მოსწავლე ისარგებლებს.
– გაგრძელდება მანდატურების შეყვანა სკოლებში.
– გაგრძელდება სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა, ექიმის კაბინეტებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
– ამოქმედდება გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS), რომლის შექმნის მიზანს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ არსებული მონაცემების ვიზუალიზაცია და ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. რუკაზე დატანილი იქნება ყველა სკოლა, შესაძლებელი იქნება ძებნის განხორციელება სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. ხელმისაწვდომი იქნება დინამიურად განახლებადი სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია, როგორც ცალკეული სკოლის, ასევე რაიონისა და რეგიონის ჭრილში.
– ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პირველი ეტაპის ფარგლებში, 2016-2017 სასწავლო წლიდან სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა მატერიალური ჟურნალის პარალელურად, 400-მდე საჯარო სკოლას ექნება. აღნიშნულმა სკოლებმა თავად გამოთქვეს პილოტში მონაწილეობის სურვილი.
– 2017 წლის 1 იანვრიდან, სქემის შესაბამისად, მასწავლებელთა ხელფასის ზრდა განხორციელდება კერძოდ (მოცემულია პროგნოზირებადი მაჩვენებლები):
ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 500 ლარით;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება არანაკლებ 700 ლარით;
2017 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800-900 ლარს მიაღწევს.