ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს ბენეფიციარების - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისა და მოხალისეების - საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
ქვეპროგრამის მონაწილეებმა (საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და სსსმ მოზარდებმა, მათ შორის, ბოშებმა) დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ბოშების ისტორიისა და კულტურის, მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ.
კონფერენციის მიზანი იყო სოციალური ინკლუზიის აუცილებლობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისათვის კეთილგანწყობილი საგანმანათლებლო გარემოს შექმნის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებული ძალისხმევით ზრუნავს ეთნიკური უმცირესობებისა და, მათ შორის, ბოშა მოზარდების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვაზე. სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებისა და თანატოლებთან სოციალიზაციის მიზნით, შემუშვებულია „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სკოლაში, თავისუფალ დროს, ინკლუზიის პრინციპებზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებას. ეს აქტივობები (კითხვისა და თეატრის კლუბები; სათემო შეხვედრები და აქციები; კონფერენციები) საერთო ინტერესის ფარგლებში იზიდავს ბენეფიციარებსა (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდები, მათ შორის, განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მესხი, ქისტი, ბოშა მოზარდები) და მოხალისე თანატოლებს. სწორედ მოხალისე თანატოლებთან თანაცხოვრებითა და ურთიერთთანამშრომლობით მოხდა: ერთი მხრივ, ბენეფიციარ მოზარდებში მათი თანატოლებისა და სასწავლო პროცესის მიმართ ნდობის გაზრდა და განათლების მიღების მოტივაციის ამაღლება და, მეორე მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათ მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს საჯარო სკოლის მოხალისეების გადამზადება ბენეფიციარებთან სათანამშრომლოდ; გადამზადებული ბენეფიციარები მოხალისეებთან ერთად ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში; მონაწილეობენ ახალი ბენეფიციარების მოზიდვასა და მათ წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მნიშველოვანია, სახელმწიფოს მხრიდან ეთნიკური უმცირესობებისა და, მათ შორის, ბოშათა უფლებების დაცვისათვის უფრო ქმედითად ხორციელდებოდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებასთან ერთად უზრუნველყოფს დომინანტ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.