ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები პრემიერ მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა:
ზოგადი განათლება
პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში დასახული მიზნების მასაღწევად აუცილებელია სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, ამაღლდეს განათლების ხარისხი, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება. ამ მიზანს მოემსახურება თავისუფალი გაკვეთილები, განახლებული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, სწავლა/სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება. სკოლის ცოდნით საუკეთესო მოსწავლეები უმაღლესში რეპეტიტორის გარეშე ჩააბარებენ.
იმისათვის, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანმრთელი და განვითარდეს ჰარმონიულად სკოლებში მეტი სპორტისა და ხელოვნების გაკვეთილები დაინერგება, სკოლებში ამოქმედდება მრავალფეროვანი სპორტული წრეები, სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები. ამასთან, ყველა მოსწავლეს ექნება ხელოვნების სხვადასხვა დარგში საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. შესაბამისად, სკოლებში ამოქმედდება სახელოვნებო წრეები, ჩატარდება ხელოვნების საინტერესო გაკვეთილები. გაგრძელდება სკოლების მშენებლობა და რემონტი.
პროფესიული განათლება
პროფესიული განათლება დასაქმების ან კვალიფიკაციის ამაღლების წინაპირობა ხდება და დღეს სწორედ პროფესიულ კოლეჯებში შეძენილი პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებლების მხრიდან. შესაბამისად, პროფესიული კოლეჯები ყველა ასაკის მოქალაქეს, სახელმწიფო დაფინანსებით, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას შესთავაზებს, მათ შორის დუალურ პროფესიულ განათლებას. სამუშაოზე დაფუძნებული - დუალური სწავლების დიდი ნაწილი საწარმოში წარიმართება და სტუდენტი სწავლის პარალელურად მუშაობას შეძლებს. პროცესში დამსაქმებლებიც არიან ჩართულნი და გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის მინიმალური ანაზღაურებაც.
პროფესიული კოლეჯები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდა და მოქალაქეებს შეეძლებათ სახლთან ახლოს დაეუფლონ ახალ პროფესიებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამჟამად, ქვეყანაში 37 პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო სასწავლებელი ფუნქციონირებს.
გაუმჯობესდება კანონმდებლობა - შედეგად, საბაზო განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს პროფესიული კოლეჯის დიპლომი, შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას.
უმაღლესი განათლება
იმისათვის, რომ განათლება და ეკონომიკა მჭიდროდ დაუკავშირდეს ერთმანეთს, სახელმწიფო დასაქმებაზე და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ უმაღლეს განათლებას შესთავაზებს სტუდენტებს. უნივერსიტეტები მოამზადებს იმ სპეციალისტებს, რომლებიც ჭირდება წარმოებას, მშენებლობას, ბიზნეს, სოფლის მეურნეობას, პოლიტიკას, სამოქალაქო სექტორს, სპორტულ, სახელოვნებო, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. ამასთან, სახელმწიფო მიერ დაფინანსდება ის პრიორიტეტული პროფესიები, რომლებზეც დამსაქმებლების მხრიდან დიდია მოთხოვნა. საუკეთესო ქართველი სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონის დიპლომებს.
მეცნიერება
საქართველო გახდება აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს რეგიონის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ცენტრი. ამ გეგმის განხორციელებას ხელს შეუწყობს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ახალი პროექტი - „ისწავლე საქართველოში“. პროექტის ფარგლებში კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოენოვანი საერთაშორისო პროგრამები, შედეგად მეტი უცხოელი ისწავლის საქართველოში და მეტ ქართველ მეცნიერს ექნება საშუალება ჩაერთოს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. შემუშავდება ახალგაზრდა მეცნიერების, ისევე როგორც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამები. გაგრძელდება და გაღრმავდება „ჰორიზონტი 2020“-თან და სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან თანამშრომლობა.
მოხდება მეცნიერების კომერციალიზაცია - ახალგაზრდა მეცნიერებს/გამომგონებლებს საშუალება ექნებათ მათი მიგნებები კომერციულად საინტერესო წინადადებებად აქციონ. ეს მიდგომა ხელს შეუყობს საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი მეცნიერების სამშობლოში დაბრუნებას. ყოველივე ეს კი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.