საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სისტემაში მიმდინარე სიახლეების ძირითადი აქცენტები გააცნო და აქტუალურ თემებზე მათ შეკითხვებს უპასუხა.
რამდენიმესაათიან შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთა ნაწილი სისტემაში უკვე დაიწყო, ნაწილი ახლო მომავალში დაინერგება და საბოლოოდ, მისი შედეგები, განათლების ხარისხის ამაღლებაზე აისახება.
ალექსანდრე ჯეჯელავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, რომ ახალი სქემით, პედაგოგებს კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლების მრავალფეროვანი ალტერნატივა გაუჩნდათ, რაც მანამდე არ ჰქონდათ. შესაბამისად, თუ 2016 წელს სქემაში 800 პედაგოგი დაწინაურდა, 2017 წლისთვის, მინისტრი ვარაუდობს, რომ 4500-მდე პედაგოგს ექნება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ასეთივე ტემპი გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.
სრულად აღმოიფხვრება ტრენინგების პრობლემა, რომელიც მასწავლებლებისთვის ბარიერს წარმოადგენდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პარალელურად, პედაგოგთა ტრენინგებში ჩაერთვებიან უმაღლესი სასწავლებლები და წამყვანი სკოლები.
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, პედაგოგებს გაეზრდებათ საათებიც - გარდა იმისა, რომ 2012 წლიდან მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, სკოლებში ჩატარდება თავისუფალი გაკვეთილები, რაც პედაგოგებისთვის დამატებით 4-5 საათია. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში, მე-7, მე-8 კლასებში ყურადღება დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს, წიგნიერებას, ინტერაქტიულ აქტივობასა და ხელოვნებას, ანუ თემები, რომელიც მეტად საინტერესო და ახალგაზრდებისთვის აუცილებელია.
დიდი ყურადღება დაეთმობა სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამ მიზნით, სპორტული ფედერაციების მხრიდან, მოხდება ყველა სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადება.
სკოლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჰიგიენის დაცვა. ამასთან, მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება სკოლების მოვლა-პატრონობის ახალ პროექტს, რაც აქამდე არ არსებობდა. ამ მიზნით, გამოყოფილი იქნება ცალკე ბიუჯეტი, რაც სკოლის კეთილდღეობას მოხმარდება იმისათვის, რომ სკოლებში შენარჩუნდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რათა სკოლები მრავალ თაობას მოემსახუროს.
მინისტმა ვრცლად ისაუბრა უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისთვის დანერგილ დისტანციური სწავლების პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება. მან უზარმაზარ მიღწევად შეაფასა მეცნიერების მიმართულებით გადადგმული ის ნაბიჯიც, რომლის მიხედვით, საქართველო „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული ქვეყანა გახდა და მიუხედავად მცირე დროისა, კონკრეტული პოზიტიური შედეგები უკვე არსებობს.