პირველად პროფესიულ განათლებაში, პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც ამ სფეროში შვეიცარიის საუკეთესო გამოცდილებას ეყრდნობა და პროფესიული განათლების მასწავლებლების სპეციალობის მისაღებად, დამატებითი საუნივერსიტეტო პროგრამების, ანუ მაინორების შემოღებას ითვალისწინებს. პირველი მაინორები სოფლის მეურნეობის დარგის მასწავლებლებისათვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგება. შემდგომში ეს გამოცდილება შეიძლება გავრცელდეს საქართველოს სხვა უნივერსიტეტებზეც.
ახალი მოდელის შემუშავება 2017 წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც საქართველოს მთავრობისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ შვეიცარიაში, ბერნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში, და შეხვდნენ სასოფლო-სამეურნეო, მეტყევეობისა და სურსათის მეცნიერებათა სკოლის (HAFL) წარმომადგენლებს. სამუშაო ვიზიტის მსვლელობაში ქართული დელეგაცია გაეცნო პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზდებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს, მათ შორის, კურიკულუმისა და სასწავლო მოდულების შემუშავებას, საკვალიფიკაციო სტანდარტებსა და e-სწავლების შესაძლებლობებს.
აღნიშნული ინიციატივა უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე პროფესიული განათლებისა და გადამზადების რეფორმის ხელშეწყობას. ექვსწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 6 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური ხელშეწყობით და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით.