განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა გულისხმობს საქართველოში განათლების დონის საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებას და ახალგაზრდებში ისეთი ცოდნის მიღებას და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც დაეხმარება მათ უპასუხონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს. აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში მონაწილეობა.
საერთაშორისო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგძლივი გამოცდილებით. მაგ. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას (IMO) საფუძველი ჩაეყარა 1959 წელს რუმინეთში და მასში მხოლოდ 7 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. დღეისათვის მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 100-ზე მეტია. ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა პირველად 1967 წელს ჩატარდა პოლონეთში და დღეისთვის მასში 90-მდე ქვეყანა მონაწილეობს, ინფორმატიკის ოლიმპიადა (IOI) დაიწყო 1989 წელს ბულგარეთში და მასში 80-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, ქიმიის ოლიმპიადა (IChO) 1968 წლიდან ტრდება და 90-მდე მონაწილე ქვეყანას აერთიანებს, ხოლო ბიოლოგიის (IBO) ოლიმპიადა იმართება 1989 წლიდან და მასში მონაწილეობას ღებულობს 60-ზე მეტი ქვეყანა. აღნიშნულ ოლიმპიადებს ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნები მასპინძლობენ.
მათემატიკის (IMO) ოლიმპიადაზე საქართველო ნაკრებ გუნდებს წარადგენს 1993 წელიდან. ფიზიკისა (IPHO) და ინფორმატიკის (IOI) საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი 1996 წლიდან არის ჩართული. ბიოლოგიის (IBO) ოლიმპიადაზე საქართველომ ნაკრები გუნდი წარადგინა 2011 წელს, ხოლო ქიმიის (IChO) ოლიმპიადაზე 2014 წელს. ბოლო 10 წლის მანძილზე მათ მოპოვებული აქვთ 5 ოქროს, 17 ვერცხლის, 63 ბრინჯაოს მედალი და 41 საპატიო სიგელი.
საქართველო 2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს წარადგენს ხუთ დისციპლინაში: ქიმიაში, ფიზიკაში, ინფორმატიკაში, მათემატიკაში და ბიოლოგიაში.
ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები შეირჩევა 2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად, ხოლო ინფორმატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი დაკომპლექტება სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ინფორმტიკის ოლიმპიადის შედეგებისა და შესარჩევი ტურის შედეგად.
შესარჩევი ტურები გაიმართება შემდეგი განრიგით:
ა) მათემატიკა და ბიოლოგია:
აა) პირველი ტური - 4 მაისი
ა.ბ) მეორე ტური - 5 მაისი
ბ) ფიზიკა და ქიმია:
ბ.ა) პირველი ტური - 11 მაისი
ბ.ბ) მეორე ტური - 12 მაისი
გ) ინფორმატიკა
გ.ა) პირველი ტური - 20 აპრილი
გ.ბ) მეორე ტური - 21 აპრილი
შესარჩევი ტურების შედეგებისა და საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებსა და სარეზერვო შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ნაკრები გუნდები მათემატიკაში, ფიზიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში, რეზერვისტებთან ერთად საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე დადგენილი წესის შესაბამისად გაივლიან მომზადების ეტაპს.
წვრთნების დასრულების შემდეგ:
ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 50–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი, 7 ივლისი - 15 ივლისი);
ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 60-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2019 (ბათი, გაერთიანებული სამეფო, 11 ივლისი - 22 ივლისი);
გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2019 (ბაქო, აზერბაიჯანი, 4 აგვისტო -11 აგვისტო);
დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2019 (სეგედი, უნგრეთი, 14 ივლისი - 21 ივლისი);
ე) ქიმიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ქიმიის 51-ე საერთაშორისო (პარიზი, საფრანგეთი, 21 ივლისი - 30 ივლისი).
2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან - ოქროს მედლის მფლობელს გადაეცემა 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი, ვერცხლის მედლის მფლობელს - 2000 ლარის, ბრინჯაოს მედლის მფლობელს - 1000 ლარის ოდენობით.