გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტთან ერთად, ფაგების აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა. კონფერენციაში 25 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობდა. თბილისის კონფერენციის თანაორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. კონფერენციის ფაგების თემისადმი მიძღვნილი პირველი კონფერენცია საფრანგეთში ჩატარდა და ღონისძიება პასტერის ინსტიტუტის პრეზიდენტმა და ელიავას სახ. ინსტიტუტის დირექტორმა გახსნეს.
2017 წელს კანადელი მეცნიერის, ფელიქს დერელის მიერ ბაქტერიოფაგის ფენომენის აღმოჩენას 100 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად 2017 წელს ტარდება სამეცნიერო კონფერენციების სერია, რომლის ორგანიზატორები არიან პასტერის ინსტიტუტი (პარიზი, საფრანგეთი) და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი (თბილისი, საქართველო). ის ფაქტი, რომ გ. ელიავას ინსტიტუტი არის მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების თანაავტორი, არის ქართველი მეცნიერებისა და ექიმების ფასდაუდებელი გამოცდილებისა და შესაძლებლობების საერთაშორისო აღიარებაა.
ფელიქს დერელი 1930-იან წლებში მოღვაწეობდა ამჟამინდელ გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მოამზადა გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია ბიბლიოთეკის საცავებში დაცული მასალები გიორგი ელიავასა და ფელიქს დერელის შესახებ, ფელიქს დერელის ვიზიტზე თბილისში, ფოტოები, აგრეთვე ფელიქს დერელის წიგნი ,,ბაქტერიოფაგი და გამოჯანმრთელების ფენომენი’’, რომელიც 1935 წელს დაბეჭდა უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
კონფერეციის ფარგლებში ასევე ჩატარდება ორდღიანი საზაფხულო სკოლა, რომლის მიზანია სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევარებს გააცნოს ბაქტერიოფაგების სტრუქტურა, მათი როლი გარემოში და მათი გამოყენების პოტენციალი, ასევე, ბაქტერიოფაგების კვლევის უახლესი მეთოდები. ლექციებს ჩაატარებენ დარგის წამყვანი მეცნიერები ინგლისიდან, კანადიდან, ბელგიიდან და საქართველოდან.