შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, მსოფლიო ბანკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას განათლების სექტორის რეფორმირების პროცესში.
შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ახალი პარტნიორობის ჩარჩო დოკუმენტში განათლების სფეროში შესატან ისეთ საკვანძო მიმართულებებზე, როგორიცაა უმაღლესი განათლების დაფინანსების თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული მოდელის შემუშავება და ფინურ მოდელზე დაყრდნობით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირება.
მერსი ტემბორმა დადებითად შეაფასა მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი „ევრიკა“, რომელიც სასკოლო პროცესში უმაღლესი რანგის პროფესორებისა და მეცნიერების ჩართულობას ითვალისწინებს და ამ ინიციატივის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სკოლის მასწავლებლების პრაქტიკულ უნარებში გადამზადების კუთხით.
შეხვედრის ბოლოს, მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, იმ მნიშნელოვან წვლილს, რომელიც მსოფლიო ბანკს შეაქვს განათლების სისტემის განვითარებაში. მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიშნად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, უმასპინძლოს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს საქართველოში 2018 წლის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში.