პროექტის „რეფორმეტრი“ ფარგლებში პროფესიული განათლების რეფორმის საჯარო შეფასება გაიმართა, რომელსაც დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
კვლევის მიხედვით, რეფორმის 2013-17 წლების სამოქმედო გეგმის 83,3% შესრულებულია და ამჟამად მზადდება 2018-20 წლების აქტივობების დეტალური გეგმა. გამოიკვეთა, რომ პროფესიული სასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი, რომელთაგან 65% კერძო, ხოლო 35% საჯარო სასწავლებელია. პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების წილი მთლიან ჩარიცხულ სტუდენტებში ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ იზრდება, თუმცა პროფესიული განათლების შესახებ მომზადებული ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საჭიროებას და ქმნის მასშტაბის ზრდის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო აქტუალური ხდება 2018 წელს საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში (დაახლოებით 7000 აპლიკანტი დაახლოებით 3000 ადგილზე). 2017 წელს ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა საჯარო სასწავლებლებში ინჟინერიის მიმართულება იყო, ხოლო კერძო სასწავლებლებში ჯანდაცვა. ეკონომიკის სამინისტროს კვლევის თანახმად, გამოკითხული საწარმოების 5.9%-მა გამოთქვა პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის მზაობა.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მოამზადა კვლევა პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ, საიდანაც, პირველადი შედეგებით, ირკვევა, რომ აღნიშნული მოდელის სრულყოფილად დანერგვას დიდი ტექნიკური და ფინანსური რესურსები სჭირდება, რაც ამჟამად დონორების მხარდაჭერით ხორციელდება. გამოწვევას წარმოადგენს მასშტაბების გაზრდა, რისთვისაც საჭიროა როგორც მეტი დამსაქმებელის დაინტერესება, ისე მეტი სტუდენტის მოზიდვა პროფესიულ განათლებაში.