25 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ICOM/CECA-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით „მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის“. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი-2018“-ისა და „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში იმართება და მისი თემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობის თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომები; კულტურული აქტივობის ფორმები და კავშირი განათლებასთან; სამუზეუმო სივრცის, კოლექციებისა და პერსონალის როლი კულტურული აქტივობის განვითარებაში; საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები აუდიტორიისთვის; განათლებისა და კულტურული აქტივობის როლი მუზეუმის მისიის განხორციელებაში; მუზეუმები და აქტივიზმი; საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქტივობების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და სხვა.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 35-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ექსპერტი (იტალია, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, დანია, ესპანეთი, კვიპროსი, ფინეთი, ჩინეთი, ბელგია, საბერძნეთი, კანადა, ჩრდ. ირლანდია, თურქეთი, მექსიკა, ირანი, რუსეთი, ბრაზილია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ისრაელი, ინდოეთი, ყატარი, სინგაპური და სხვ.), მათ შორის, საქართველოს მუზეუმების 35 წარმომადგენელი, აგრეთვე, რომის, ულსტერის, მურციას, მადრიდის, მონრეალის, ლონდონის, ნორვეგიის, ყატარის, შანხაის, ამსტერდამის, სამხრეთ ტექსასის, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები და მუზეოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები/ლექტორები.
კონფერენციის ფარგლებში, 23-24 სექტემბერს ჩატარდება უფასო პროფესიული ვორქშოფები; 25 სექტემბერს კი გაიხსნება მხატვარ ქეთი მატაბელისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის საავტორო გამოფენა - „ვხედავ და ვქმნი თითებით“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელშეწყობითა და CECA-ს (ICOM–ის სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM საქართველოს ორგანიზებით იმართება.
კონფერენციის სესიებზე დასწრება თავისუფალია.
კონფერენციის სესიების ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია.
ვებ-გვერდი: www.ceca2018.ge / კონფერენციის პროგრამა: https://www.ceca2018.ge/schedule
საკონტაქტო ინფორმაცია: ლანა ქარაია, ტელ: 593478164, ელ-ფოსტა: lana.karaia@gmail.com