ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალზე ქართულ ეროვნულ პავილიონს პროექტი “REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“ წარადგენს.
ამ თემასთან დაკავშირებით 22 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო და გალერეა Project ArtBeat-ის თანადამფუძნებელი ნათია ბუკია უძღვებოდნენ.
კონკურსი ვენეციის ხელოვნების 58-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ „შემოქმედებითმა საქართველომ“, 12 სექტემბერს გამოაცხადეს. გამარჯვებული წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ, შემოსული 10 ნამუშევრიდან შეარჩია.
გამარჯვებულ პროექტზე იმუშავეს მხატვარმა ანნა ეძგვერაძემ (ანნა კ.ე.) და კურატორმა მარგო ნორტონმა. პროექტს ვენეციის ბიენალეზე გალერეა სიმონე სუბალი და პროჯექთ ართბითი წარადგენს.
პროექტის კონცეფცია: „REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“ -ის სტრუქტურის ზედაპირზე უსისტემოდ მიმოფანტულია პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. Anna K.E. ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს. წყალი მუდმივობას, განწმენდას და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის, ასომთავრულის პროტოტიპებია, რომელიც ძ.წ. 430 წელს გაფორმდა.
REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...-თვის K.E. ასომთავრულის ანბანით ინგლისურ სიტყვას “deranged” მარცვლავს, ისე, რომ არ თარგმნის ქართულად. ვენეციის ბიენალეს კონცეფციასთან თანხვედრაში, K.E. ენის სტრუქტურას და თარგმანს აყენებს ეჭვქვეშ, სიტყვა „deranged” თავისმხრივ ნიშნავს რაღაცას, რაც ირაციონალური და არასტაბილურია, არასწორად თარგმნილი ან „ალტერნატიული ფაქტი“, რომელიც არღვევს კავშირს ენას, ფორმას და პერცეფციას შორის.
Anna K.E. მიგვანიშნებს, რომ სისტემები და ინსტიტუციები, რომლებიც უდრეკი იყო საუკუნეების განმავლობაში, დღეს უკვე ძალიან ფასადური, ხელოვნური და ძალდატანებით დაბალანსებული საზოგადოებრივი სხეულებია — შეიძლება ითქვას კოლაფსის ზღვარზე მყოფი“.
2019 წლის ვენეციის ბიენალე 11 მაისს გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს. საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში - „არსენალეზეა“ გამოყოფილი. თანხა გამარჯვებული პროექტისათვის შეადგენს 160 000 ლარს.
წლევანდელი გამოფენა (კურატორი - რალფ რუგოფი), იმართება საერთო კონცეფციის ქვეშ - „გეცხოვროთ საინტერესო დროს” (May You Live in Interesting Times).
კონცეფცია ხელოვანთა იმ ნამუშევრებს გააერთიანებს, რომლებიც დამთვალიერებელს ობიექტებისა და გამოსახულებების, ჟესტებისა და სიტუაციების ახლებური გააზრების საშუალებას მისცემს.
„58-ე საერთაშორისო სახელოვნებო გამოფენა ხაზს გაუსვამს ზოგად მიდგომებს ხელოვნების შექმნაში და ხელოვნების აღქმას სოციუმში, რომელიც მოიაზრებს როგორც სიამოვნების მიღებას, ასევე კრიტიკულ აზროვნებას. ხელოვანები, რომლებიც ამ მიმართულებით აზროვნებენ, ხშირად განსხვავებულ აზრს შესძენენ ე.წ. ფაქტებს, კავშირების გაღრმავებით და ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მინიჭებით“.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ „შემოქმედებითი საქართველოს“ ვებ გვერდს: