გემზე პრაქტიკულ სწავლებას ერთდროულად სამოცი სტუდენტი ეუფლება. ექვსთვიანი კურსის დასრულების შემდეგ მეზღვაური პირველად საზღვაო აკადემიის ისტორიაში საზღვაო ადმინისტრაციისგან ე.წ. სამუშაო დიპლომს მიიღებს.
სამუშაო დიპლომის მიღების შემდეგ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან კრუინგულ კომპანიებში დაიწყოს მუშაობა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე კვალიფიციური მეზღვაურების დიდი მოთხოვნაა.
სასწავლო გემის გადაცემამდე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულები მხოლოდ სასწავლო დიპლომს იღებდნენ და სხვადასხვა გემებზე უხდებოდათ პრაქტიკული გამოცდილების დაუფლება. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მრავალი კრუინგული კომპანია გაკოტრდა და შესაბამისად, ქართველ მეზღვაურებს პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა შეუმცირდათ.
ბათუმის საზღვაო აკადემიისთვის სასწავლო გემის გადაცემით ზემოთ ნახსენები პრობლემა მოიხსნება და კურსდმთავრებულებს სასწავლო და სამუშაო დიპლომი ერთდროულად გადაეცემათ.
დიმიტრი შაშკინი გემზე პრაქტიკული სწავლების პროცესს პირადად გაეცნო, დაათვალიერა ის მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც გემის მართვა ხორციელდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, სასწავლო გემის ,,აკადემიის’’ საზღვაო აკადემიისთვის გადაცემა მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან მსოფლიო ბაზარზე კვალიფიციური მეზღვაურების მზარდი მოთხოვნაა და სასიხარულოა, რომ ბათუმის საზღვაო აკადემია ამ მოთხოვნას სრულიად აკმაყოფილებს.
ამ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კრუინგულ კომპანიებში 5000 ქართველი მეზღვაურია დასაქმებული.