განათლების რეფორმის ფარგლებში, რომელიც ევროპის წამყვანი ქვეყნების სამეცნიერო სტრუქტურებში ქართველი მეცნიერების მაქსიმალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც წარუძღვა ფონდის მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მოწვეული ექსპერტი, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი, ბატონი ტიმოთი რაიანი.
ღონისძიება განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში შექმნილი ტრენინგ ცენტრის ფარგლებში. ტრენინგი ჩატარდა ორ სესიად: პირველი ნაწილი დაეთმო ფონდის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმირებას შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილების შესახებ. ხოლო ტრენინგის მეორე ნაწილი ჩატარდა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის შვეიცარიაში არსებული კვლევითი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში შვეიცარიის მონაწილეობა, სამეცნიერო გაცვლით პროგრამები, შვეიცარიის სამეცნიერო და კვლევით შესაძლელობების მიმოხილვა. დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება მიეღო ინფორმაცია შვეიცარიაში საქართველოს მეცნიერებისათვის არსებული დაფინანსებისა და თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ტრენინგ ცენტრის მიზანია, ფონდის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, მეცნიერთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, მეცნიერების პოპულარიზაცია, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან/სამეცნიერო ფონდებიდან ტრენერების ჩამოყვანა და ქართველ მეცნიერთათვის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებისათვის საპროექტო წინადადებების მომზადებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარება.
ტრენინგები სრულიად ფინანსდება ფონდის მიერ და ქართველ მეცნიერთათვის მასში მონაწილეობა უფასოა.
საინფორმაციო სესია წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ ღონისძიებას, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა ფონდის ტრენინგ ცენტრის ფარგლებში.