25 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2019-2020 სასწავლო წლისათვის სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ჭელიძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი - პიერ კლუე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი - მაგდა მაღრაძე, სან-დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი - ჰალილ გუვენი, ასევე იტალიის, საფრანგეთის, აშშ-სა და უნგრეთისა საელჩოს წარმომადგენლები, ცენტრის სტიპენდიატები და მედიის წარმომადგენლები.
კონკურსი ცხადდება შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020- პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე.
სასტიპენდიო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წელს გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები იტალიაში 2019-2020 - ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. თითოეული სტუდენტის სტიპენდია ერთობლივად დაფინანსდება, საქართველოს მხრიდან სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და იტალიის მხრიდან - თითოეული მონაწილე იტალიური უნივერსიტეტის მიერ. სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურის და იტალიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას სრულად ან ნაწილობრივ. ქართულ-იტალიური სასტიპენდიო პროგრამა- იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა და ცენტრს შორის 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წელს პირველად განხორციელდება.
ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან, აშშ-ში - კიდევ ერთი ახალი სასტიპენდიო სქემაა, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს, პროგრამა ცენტრს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება და 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში ცენტრი უზრუნველყოფს სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეების სწავლის დაფინანსებას, ერთი წლის მანძილზე 10 000 აშშ დოლარით. თავის მხრივ, სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოქიმიის ფაკულტეტი უზრუნველყოფს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს სწავლებასთან დაკავშირებული დასაქმებით, სამაგისტრო პროგრამებზე ნახევარ განაკვეთზე 16 050 აშშ დოლარის ანაზღაურებით და 20 004 აშშ დოლარის ანაზღაურებით სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ერთი აკადემიური წლისმანძილზე.
სამივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება28 იანვარს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.
განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს. სასტიპენდიო სქემებთან ერთად ცენტრი ახორციელებს საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამასაც.