განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„ქვეყნის განვითარება და ხარისხიანი განათლება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. ამის მაგალითი არცერთ ქვეყენაში არ არსებობს. შესაბამისად, ვფირობთ ვიზრუნოთ უფრო მეტი, რომ მეცნიერება განათლებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდეს და შედეგები რაც შეიძლება სწრაფად დავინახოთ“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, უხლოეს მომავალში მეცნიერების მიმართულებით სამინისტრო წარმოადგენს მორიგ პრეზენტაციას, სადაც კიდევ უფრო დეტალურად იქნება გაწერილი მეცნიერების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები, მათ შორის რესურსების გაზრდის მიმართულებით. შედეგი კი იქნება გაზომვადი და დანახვადი, რომელიც მეცნიერებას ახალ საფეხურზე აიყვანს.
განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში განათლების სამინისტრომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განსაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.
როგორც ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს. ამ მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველ მკვლევრებს კარიერულ ზრდაში შეუწყობს ხელს, აგრეთვე, საქართველოში უცხოელ სტუდენტებს მოიზიდავს.
სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭოს - ERC - სტანდარტები, ბლოკჩეინი და 3D ტექნოლოგიები დაინერგება. ასევე, გაძლიერდება უცხოელი ექსპერტების როლი კვლევების შედეგების შეფასების პროცესში. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.
დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science) გამოცემა, რომლის რედკოლეგიის წევრები ქართველებთან ერთად უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან. ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს.
მინისტრის თქმით, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა).
როგორც ზვიად გაბისონიამ საგანგებოდ აღნიშნა, გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების მონაწილეობით. მათი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან.