„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ სისტემაში ბევრი, წლების განმავლობაში დაგროვილი ინფრასტურქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემაა და შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, რაც სისტემურ მიდგომას ეფუძნება. საჭიროა მეტი ყურადღება, მეტი კონცენტრაცია და ამისთვის ყველაფერს გასამმაგებული ბიუჯეტით გავაკეთებთ, აუცილებელია სკოლის მენეჯმენტის უფრო მეტი ორიენტირება ისეთ პრობლემებზე, რაც ჰიგიენას უკავშირდება“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ნათია ზედგინიძემ სკოლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, 2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, კერძოდ, თბილისის საჯარო (86-ე, 138-ე, 55-ე) და ინკლუზიური (202-ე, 203-ე), ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას დააფინანსებს.
რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით (ESIDA) 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის N1, ოზურგეთის N1, ქ. თბილისის N214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.
განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე – 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა.
განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის საჯარო სკოლებს მიექცევა. წელს 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება, კერძოდ, ტყიბულის N7, სოფელ მუხურას, მარნეულის N1, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის, წალენჯიხის სოფელ ეწერის, თბილისის N2, ხაშურის სოფელ ფლევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლების.
2019 წელს დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა.