„შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართული ეროვნული პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა.
პავილიონი წარადგინა ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანმა, ანნა კ.ე.-მ ნამუშევრით - REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… მასთან ერთად პროექტზე კურატორი მარგო ნორტონი მუშაობდა.
ქართულმა პროექტმა უცხოელ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ქართული ეროვნული პავილიონის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ეროვნული პავილიონის კომისარი ანნა რიაბოშენკო, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე, კურატორი მარგო ნორტონი და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა მიუნჰაუზენი უძღვებოდნენ.
პროექტის კონცეფცია: „REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“ -ის სტრუქტურის ზედაპირზე უსისტემოდ მიმოფანტულია პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. Anna K.E. ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს. წყალი მუდმივობას, განწმენდას და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის, ასომთავრულის პროტოტიპებია, რომელიც ძ.წ. 430 წელს გაფორმდა.
REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...-თვის K.E. ასომთავრულის ანბანით ინგლისურ სიტყვას “deranged” მარცვლავს, ისე, რომ არ თარგმნის ქართულად. ვენეციის ბიენალეს კონცეფციასთან თანხვედრაში, K.E. ენის სტრუქტურას და თარგმანს აყენებს ეჭვქვეშ, სიტყვა „deranged” თავისმხრივ ნიშნავს რაღაცას, რაც ირაციონალური და არასტაბილურია, არასწორად თარგმნილი ან „ალტერნატიული ფაქტი“, რომელიც არღვევს კავშირს ენას, ფორმას და პერცეფციას შორის.
პროექტი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, “თიბისი სტატუსის” ,”აჭარა ჯგუფის”, Ernst & Young-ისა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება, გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგა ბიენალეზე.
საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში - „არსენალეზეა“ გამოყოფილი.
წელს, ქართულ ეროვნულ პავილიონს პირველად ჰქონდა ოფიციალური მიღება. საღამოს, რომელსაც მუსიკალურად ქართველი მუსიკოსი ანუშკა ჩხეიძე აფორმებდა სხვადასხვა ქვეყნის კურატორები, კოლექციონერები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
2019 წლის ვენეციის ბიენალე ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა და 24 ნოემბრამდე გასტანს.
წლევანდელი გამოფენა (კურატორი - რალფ რუგოფი), იმართება საერთო კონცეფციის ქვეშ - „გეცხოვროთ საინტერესო დროს” (May You Live in Interesting Times).
კონცეფცია ხელოვანთა იმ ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც დამთვალიერებელს ობიექტებისა და გამოსახულებების, ჟესტებისა და სიტუაციების ახლებური გააზრების საშუალებას მისცემს.
„58-ე საერთაშორისო სახელოვნებო გამოფენა ხაზს გაუსვამს ზოგად მიდგომებს ხელოვნების შექმნაში და ხელოვნების აღქმას სოციუმში, რომელიც მოიაზრებს როგორც სიამოვნების მიღებას, ასევე კრიტიკულ აზროვნებას. ხელოვანები, რომლებიც ამ მიმართულებით აზროვნებენ, ხშირად განსხვავებულ აზრს შესძენენ ე.წ. ფაქტებს, კავშირების გაღრმავებით და ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მინიჭებით“.
საერთაშორისო ხელოვნების ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.