16 ივლისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პრეისტორიული კლდის ხელოვნების მარშრუტის ოფიციალური დელეგაციის წევრებთან. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ცნობილი მეცნიერები - რამონ მონტეს ბარქუინი, იპოლიტო კოლადო ჟირალდო, ხოსე მანუელ რეი, ანტონიო ბატარდა და რეიმან აბდულაევი. შეხვედრაზე მხარეებმა მემკვიდრეობის, კულტურული მარშტურების მიმართულებით სიახლეებზე ისაუბრეს. ლევან ხარატიშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს მასშტაბურ პროექტზე „საქართველო, ევროპა“ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების სამოქმედო გეგმები დასახეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 16-17 ივლისს ჩატარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი „პრეისტორიული კლდის ხელოვნება ევროპასა და საქართველოში“. მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლისა და ევროპის ირგვლივ სათანამშრომლო პლატფორმის ჩამოყალიბების მიზნით სიმპოზიუმის ფარგლებში სემინარები მოეწყობა. თემატური განხილვები პრეისტორიული კლდის მხატვრობის, როგორც კაცობრიობის პირველი კულტურის, მართვის თანამედროვე მექანიზმების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთმანეთს გაუზიარებენ კლდის ხელოვნების ძეგლების ღია ცის ქვეშ მართვის არსებულ გამოცდილებასაც.
სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პეტროგლიფებთან მიმართებით შემუშავებული მისიის შინაარსსა და წარმოებული არქეოლოგიური ექსპედიციის უახლეს შედეგებს გააცნობს.
საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი 2017 წლიდან გახდა. ქვეყნის სახელით ევროპული უწყების წევრობის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ნორვეგიისა და აზერბაიჯანის შემდეგ საქართველო პრეისტორიული ხელოვნების ევროპული მარშრუტის მე-8 სრულუფლებიანი წევრია. „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტში პირველ ეტაპზე საქართველო თრიალეთის (პატარა ხრამი) პეტროგლიფების კომპლექსითაა წარდგენილი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტში გაწევრიანებით საქართველო საერთაშორისო ტურიზმის ინტერესთა სფეროში კიდევ უფრო მეტი შინაარსობრიობით წარმოჩინდება, რაც შედეგად ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.