საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ განხილულ იქნა IDFI“-ის ანგარიში ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ და წარმოგიდგენთ ჩვენს პოზიციას:
• ამონაწერი „IDFI“-ის ანგარიშიდან: ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ანგარიშები, არ არის თანხვედრაში სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან. მაგ. 2017 წელს მოწოდებულია მხოლოდ 782,785.38 ლარის ოდენობის ფაქტიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია, მაშინ როდესაც სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 3,500,000 ლარი. სამინისტროს მიერ ოფიციალურად მოწოდებული ფინანსური დოკუმენტაციით სამინისტროს მიერ გადარიცხულ, ფედერაციის მიერ დახარჯულ და უკან დაბრუნებულ თანხებს შორის ბალანსი არ არის დაცული. მაგალითად, 2017 წლის დოკუმენტაციის მიხედვით სამინისტროს მიერ ფედერაციისთვის გადარიცხულია 1,786,835 ლარი, საიდანაც ფაქტობრივი ხარჯი გაწეულია - 782,785.38 ლარი, უკან დაბრუნდა 173,001.62 ლარი, ხოლო დანარჩენი 831,048.0 ლარის შესახებ ინფორმაცია არ არის მოწოდებული.
სამინისტროს პასუხი: ანგარიშის მოცემულ ნაწილში „IDFI“-ის მიერ მითითებულია არაზუსტი ციფრები. კერძოდ, 2017 წლის „ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცებული გეგმა იყო 3 500 000 ლარი, დაზუსტებული გეგმა - 3 750 000 ლარი, საკასო ხარჯი - 3 745 638 ლარი, 2017 წლის ფაქტიური ხარჯი - 3 504 672 ლარი, 2018 წელს დახურული 2017 წლის ფაქტიური ხარჯები - 214 360 ლარია, 2018 წელს ბიუჯეტში დაბრუნებულია 2017 წლის ეკონომია 26 605 ლარი.
• ამონაწერი „IDFI“-ის ანგარიშიდან: ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები ფინანსურ ანგარიშებში დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარი.
სამინისტროს პასუხი: ხსენებულ პერიოდში სამინისტროსა და ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს შორის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხებს რეგულირდებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის N180 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესის“ თანახმად, რომლის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტიც ითვალისწინებს ეროვნულ შეჯიბრებებზე მოწვეული მსაჯების ანაზღაურებას დღეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით და შესაბამისად, ანგარიშში მითითებულ შეჯიბრების შემთხვევაშიც სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან ანაზღაურებული ოდენობაც არ აღემატებოდა 100 ლარს თითოეულ მსაჯზე ერთი დღის განმავლობაში, როგორც განსაზღვრულია მოცემული ბრძანებით. თუმცა, თავად ფედერაცია არ არის შეზღუდული, რომ მოწვეული მსაჯის მომსახურებისთვის შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმოს უფრო მეტ თანხაზე, ვიდრე 100 ლარი დღეში, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან დაფინანსება მოხდება მხოლოდ დღეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი მომსახურების ხარჯების დაფარვა (შევსება) ფედერაციას შეუძლია უზრუნველყოს დაფინანსების სხვა წყაროდან. ვინაიდან მოწვეულ მსაჯთან ერთიდაიგივე მომსახურებაზე ცალ-ცალკე ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა (ცალკე საბიუჯეტო ასიგნებების და ცალკე სხვა დაფინანსების წყაროდან მიღებული დაფინანსების ფარგლებზე), ამდენად ხელშეკრულებაც და შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტებიც სრულ თანხაზე იქნებოდა გაფორმებული მომსახურე პირთან, ხოლო სამინისტროში ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის დროს მოწოდებული იყო როგორც ზემოთ ხსენებული დოკუმენტაცია (რომელიც ადასტურებდა მოწვეული მსაჯის მიერ გაწეულ მომსახურებას), ასევე მსაჯისთვის მომსახურების ხარჯების დაფარვის (გადარიცხვის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც თავისთავად მოიცავდა საბიუჯეტო ასიგნებებიდან გაცემულ დაფინანსებასაც.
• ამონაწერი „IDFI“-ის ანგარიშიდან: თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გათვალისწინებული 63,580 ლარიდან, ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო (12,980 ლარი) დაერიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს.
სამინისტროს პასუხი: „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის თანახმად, საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, დაწესებულია ფულადი პრიზები სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, ცალკეულ სათამაშო სახეობებსა და პარალიმპიურ სპორტში საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით. „IDFI“-ის მიერ მიერ მითითებული გარემოება ეხება 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგის მიხედვით ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გაცემულ ფულად პრიზს (ზემოთ ხსენებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე) და მოცემულ შემთხვევებში, როდესაც ადმინისტრაციულ ჯგუფზე უნდა მოხდეს ფულადი პრიზის (სპორტსმენთა ფულადი პრიზების 10%) გაცემა და შესაბამის სამართლებრივ აქტშიც ამ თანხების მიმღებად სწორედ ადმინისტრაციული ჯგუფი არის მითითებული (და არა კონკრეტული პირები), აღნიშნულის უზრუნველსაყოფად თანხის გადარიცხვა ხდება ფედერაციისთვის, რომელმაც შემდგომში უნდა უზრუნველყოს მიღებული თანხის განაწილება ადმინისტრაციულ ჯგუფში შემავალ პირებზე. რაც შეეხება მოცემული ადმინისტრაციული ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრას, მათ შორის ფუნქცია- მოვალეობების გადანაწილებას და შესაბამისად, თითოეულ მათგანზე მისაცემი ფულადი პრიზების ოდენობის მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილება მიღება მხოლოდ ფედერაციის ხელმძღვანელობის კომპეტენციას განეკუთვნება და ამ მხრივ ზემოთ ხსენებული პროგრამა არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეზღუდვას.
• ამონაწერი „IDFI“-ის ანგარიშიდან: სამინისტრომ სრულყოფილად არ გასცა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფინანსური ანგარიშები, რისი სამინისტროსთვის მიწოდების
ვალდებულება ფედერაციას შესაბამისი ხელშეკრულებებით აქვს აღებული; მსგავსი ანგარიშების გასაჯაროებისგან თავის არიდება სამინისტროს მხრიდან გარკვეული ინფორმაციის დაფარვის სურვილზე ან/და ფედერაციის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე მიუთითებს.
სამინისტროს პასუხი: ანგარიშის აღნიშნული ნაწილი სრულიად გაუგებარია და იმ პერიოდში მოქმედი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 19 დეკემბრის N180 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესიდან“ გამომდინარე პრაქტიკის არცოდნაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, ფედერაციის მიერ ფაქტიურად ყოველთვის ხდება (იმ პერიოდშიც და ეხლაც) ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა. საბიუჯეტო ასიგნებებიდან გაწეულ ყოველ დაფინანსებასთან მიმართებით, სამინისტროსა და ფედერაციას შორის ანგარიშსწორება მაშინ ითვლება დასრულებულად, როდესაც ფედერაციის მხრიდან წარმოდგენილი იქნება ამომწურავი ინფორმაცია/დოკუმენტაცია თითოეული ხარჯის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამული ასიგნების ფარგლებში თავად ფედერაციის შემდგომი დაფინანსებაც კი ტექნიკურად არის გართულებული. ამდენად, ფედერაციის მხრიდან მოცემული ვალდებულების შეუსრულებლობაზე მითითება აბსოლუტურად აცდენილია რეალობასთან, ხოლო „ინფორმაციის დაფარვის სურვილზე“ აპელირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძვლებს. სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა ყოველთვის ხორციელდება ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის შესაბამის მოთხოვნათა დაცვით.
• ამონაწერი „IDFI“-ის ანგარიშიდან: ფედერაცია ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი დოკუმენტაციის არ ქონის გამო, ვერ უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ფაქტიური ხარჯების მიწოდებას, რაც ფინანსური შეუსაბამობების მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.
სამინისტროს პასუხი: აღნიშნულ საკითხზე ფაქტიურად პასუხი ზემო პუნქტში მითითებულ ამონარიდთან მიმართებით არის გაცემული და ამდენად, ხსენებული მოსაზრებაც ასევე სრულიად გაუგებარია, რადგან შეუძლებელია ფედერაციის მხრიდან არ მოხდეს რომელიმე ხარჯის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლის გარეშეც სამინისტრო უბრალოდ ვერ შეძლებდა გაწეული დაფინანსების ფარგლებში გაწეული ხარჯვის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას.
• ამონაწერი „IDFI“-ის ანგარიშიდან: ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში არ განხორციელებულა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმება, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს თანმიმდევრული ფინანსური კონტროლის შესაძლებლობებს და ზრდის კორუფციის რისკებს.
სამინისტროს პასუხი: სახელმწიფო აუდიტის მიერ ყოველწლიურად ტარდება სამინისტროს აუდიტი და შესაბამისი ანგარიშები განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის საიტზე https://sao.ge/.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პასუხი უნდა გაეცეს „IDFI“-ის ანგარიშში ასახულ კიდევ ორ საკითხს. კერძოდ, ერთი ეხება თითქოსდა ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტირებისთვის 8276,25 ლარის გახარჯვას (გერმანიიდან ჩამოტანილი სპორტული ეკიპირების დანიშნულების ადგილზე მიტანისთვის), თუმცა მოცემული გაუგებრობა გამოწვეულ იქნა წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამის პუნქტებში ხარჯის მიზნობრიობის დაუზუსტებლად მითითებამ, რადგან სინამდვილეში მითითებული თანხა სრულად მოიცავდა სწორედ გერმანიიდან საქართველოში ტვირთვის ჩამოტანისა და შემდგომში ადგილზე ტრანსპორტირების ხარჯებს, ხოლო ამასთან დაკავშირებული დღგ-ს ხარჯი კი ცალკე პუნქტად იყო ასახული, ოღონდ აღნიშნულის ზუსტად და სრულყოფილად მითითების გარეშე. ამდენად, რაიმე სახის მტკიცება, რომ მითითებული თანხა იქნა გადახდილი მხოლოდ ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტირებისთვის, მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძვლებს.
მეორე ფაქტი ეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავესთან დაკავშირებულ გარემოებას, თუ რატომ არ მოხდა მისთვის (2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგისთვის) გაცემული ფულადი პრიზის უკან დაბრუნება, მის მიერ ანტი-დოპინგური წესების დარღვევის გამო. ამასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ არც მოცემული ფულადი პრიზის გაცემის დროს (2018 წლის აგვისტოს ბოლო) და არც აღნიშნულზე „IDFI“-ის მიერ სამინისტროში ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე მომართვის წარმოდგენის მომენტისთვის (2019 წლის 25 აპრილი), არანაირი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება (2018 წლის ევროპის ჩემპიონატთან მიმართებით) არ იყო მიღებული რომელიმე სპორტსმენის მიერ ანტი-დოპინგური წესების დარღვევის, მისთვის 10-თვიანი დისკვალიფიკაციის მიცემისა და 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლის ჩამორთმევის თაობაზე, რაც ფორმალური სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ყოფილიყო რომელიმე მოჭიდავის ფულადი პრიზების მიმღებთა სიიდან ამოღებისა ან/და მისთვის გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებისთვის შემდგომი მსვლელობის დასაწყებად. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ცალკე სახის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი არ არსებობს და არც „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N39 დადგენილება ითვალისწინებს კონკრეტულ ჩანაწერს აღნიშნულის თაობაზე. ამავე დროს, რომელიმე სპორტსმენთან დაკავშირებით ანტი- დოპინგური წესების დარღვევის გამო, თუნდაც საჯარო სივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია ვერ იქნება ავტომატური საფუძველი მისთვის ფულადი პრიზის უკან დაბრუნების მოთხოვნისთვის, თუ შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნული პირის მიერ ნაჩვენები შედეგის (რისთვისაც მიეცა ფულადი პრიზი) გაუქმებისა და მიღებული მედლის ჩამორთმევის თაობაზე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სულ ახლახანს მიიღო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება ამ მოჭიდავისთვის მიღებული მედლის ჩამორთმევის შესახებ და შესაბამისად, ამასთან მიმართებითი ოფიციალური წერილობითი შეტყობინების მიღების შემდგომ სამინისტრო იხელმძღვანელებს სწორედ მოცემული გადაწყვეტილებებით, მსგავს ფაქტებზე არსებული საერთაშორისო პრაქტიკით და სპორტსმენის მიმართ კანონმდებლობის ფარგლებში გატარდება ინდივიდუალური ზომები, ფულადი პრიზების სახით გადარიცხული თანხის უკან დაბრუნების უზრუნველსაყოფად საჭირო ქმედებების განსახორციელებლად.