საქართველო „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპულ ქსელში“ დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა და ალბანეთის, ავსტრიის და ჩეხეთის შემდგომ რიგით მე-4 დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 1 აგვისტოს ქსელის საბჭოს მიერ იქნა მიღებული.
„მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპულ ქსელი“ შეიქმნა 2005 წელს, მე-20 საუკუნეში ტოტალიტარული რეჟიმით დაზარალებული ხუთი ევროპული სახელმწიფოს (პოლონეთი, გერმანია, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი) შეთანხმების საფუძველზე. შედეგად, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რაც გულისხმობს გასული საუკუნის ომების, დიქტატორული მმართველობისა და იდეოლოგიურად მოტივირებული რეპრესიების შედეგების შეფასებასა და ანალიზს. წლების განმავლობაში ქსელში კიდევ რამდენიმე ქვეყანა გაწევრიანდა როგორც სრულუფლებიანი წევრის, ისე დამკვირვებლის სტატუსით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს "მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის" საქმიანობას, მით უფრო, რომ საქართველო მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმებით დაზარალებული ერთ-ერთი სახელმწიფოა. ამ ეტაპისთვის ქსელში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება საშუალებას იძლევა, რომ ეტაპობრივად დაიგეგმოს აქტივობები და გაგრძელდეს მტკიცე სვლა შემდგომი ინტეგრაციისკენ, რაც თავისთავად ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოების კონტექსტში.
ქსელში საქართველოს ეყოლება ოფიციალური წარმომადგენელი პროფესორი მალხაზ თორია, რომელიც ქვეყნის სახელით მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. ქვეყნის ქსელში გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ.
https://enrs.eu/news/georgia-becomes-a-member-observer-of-the-enrs