საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრირებასთან დაკავშირებით, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და მკვლევრებს ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების უნიკალური პანევროპული ინიციატივის - EURAXESS შესახებ ესაუბრნენ, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების დეტალები გააცნეს და იმ რეალურ პერსპექტივაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ქართულ სამეცნიერო წრეებს ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით გაუჩნდება.
„სექტემბრის ბოლოს, ბრიუსელში ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის Euraxess-ის წევრი გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ შეთანხმებით ქართული სამეცნიერო წრეებისა და თითოეული ჩვენი მკვლევრისთვის რეალურად ხელმისაწვდომია ის რესურსები, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერები სარგებლობენ. ქართველი მეცნიერებისთვის ისევე ხელმისაწვდომი იქნება მსხვილი ევროპული ფონდები და სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციასთან თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ქვეყნების ნებისმიერი მეცნიერისთვის. ჩვენს ახალაგაზრდა მკველევრებს რეალური შესაძლებლობა უჩნდებათ, განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო პროექტები“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შოთა რუსთაველის საქართვლოს სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ზვიად გაბისონიამ საქართველოში EURAXESS-ის ოფიციალური წარმომადგენლობის შექმნის შესახებ ისაუბრა. წარმომადგენლობა ქართველ მეცნიერებს ყველა იმ ტექნიკური დეტალს გააცნობს, რაც EURAXESS-ის სერვისებით სარგებლობისთვისაა აუცილებელი. როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, საქართველოს სახელით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.
„EURAXESS-საქართველო ერთი კვირის წინ დაფუძნდა და უკვე ინტენსიური შეხვედრები გვაქვს უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეებთან. იმისთვის, რომ ქართველ მეცნიერებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ EURAXESS-თან, აუცილებელია იცოდნენ ყველა ტექნიკური დეტალი. სწორედ ამგვარად შეძლებენ ჩვენი მეცნიერები, ისარგებლონ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი უზარმაზარი ბიუჯეტით, რომელიც, დაახლოებით, ას მილიარდს შეადგენს. ხოლო EURAXESS-ის პლატფორმაზე დღეს მიმდინარე კონკურსების ბიუჯეტი ორ მილიარდ ევრომდეა. დღეიდან უკვე შესაძლებელია პასიურ რეჟიმში დარეგისტრირება, იანვრიდან კი ახალი ვებგვერდი ამოქმედდება. ეს კი მეცნიერებს საშუალებას მისცემს, კონკურსებში მონაწილეობა ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე მიიღონ. რასაკვირველია, აფხაზ მეცნიერებს კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სახელით შეეძლებათ“- აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციაში გაწევრიანება ქართველ მეცნიერებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
„ეს უდიდესი პანევროპული სამეცნიერო ინიციატივა, რომელსაც ორგანიზაცია EURAXESS-ი ეფუძნება და თავისთავად, მასში საქართველოს გაწევრიანება უდიდეს გასაქანს მისცემს ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს, როგორც სამეცნიერო ინფორმაციის მიღებისა და სხვადასხვა ფონდთან თანამშრომლობის, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების მხვრივ. EURAXESS-ში გაწევრიანებით ჩვენს თითოეულ მკვლევარს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა, გააღრმავოს სამეცნიერო კოლაბორაცია და განივითაროს კარიერა თავისი კვლევითი სფეროსა და სამეცნიერო ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.