ფაბრიკაში (საკონფერენციო სივრცე - Jungle Room), გაიხსნა კონფერენცია „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“. კონფერენციის გახსნას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.
კონფერენციის ფარგლებში შემოქმედებითი სივრცეების, ჰაბებისა და კლასტერების შექმნასთან დაკავშირებული გამოცდილება, გამოწვევები და პოტენციალი განიხილეს. კონფერენციის პირველი სესია დაეთმო შემოქმედებითი სივრცეების განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკაზე, საჭიროებებსა და სარგებელზე საუბარს, მეორე სესია კი – შემოქმედებითი სივრცეების ინიციატივების შესახებ პრაქტიკული მაგალითების გაზიარებას.
პროექტი „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ მიზნად ისახავს საქართველოში შემოქმედებითი ჰაბების, კლასტერების და მულტიფუნქციური სივრცეების განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე, დაგეგმილია შემოქმედებითი სფეროს საჭიროებათა მოკვლევა და იმ ეკონომიკური, კულტურული და სოციო-ურბანული სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამგვარი სივრცეების განვითარების შედეგად მიიღებს საქართველო.
ორი წლის განმავლობაში პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობს იუნესკოს საერთაშორისო ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის, მეწარმეობისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით - ლიდია ვარბანოვა (ბულგარეთი) და ადგილობრივი ექსპერტი, ნიკოლოზ ნადირაშვილი, კულტურის პოლიტიკის მიმართულებით.
შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების პროექტი თანხვედრაშია „კულტურის სტრატეგია 2025“-ის სტრატეგიულ მიმართულებებთან, რაც გულისხმობს საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებასა და მომსახურების გაუმჯობესებას. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სსიპ შემოქმედებითი საქართველო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU/UNESCO Expert Facility on the Governance of Culture in Developing Countries“ ფარგლებში, რომლის მიზანია 12 ქვეყნის მხარდაჭერა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით.